პოლიტიკა
    2026-04-27 | 08:49

    მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდება

    მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკის ხვდება

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ხვდება.

    შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ ცერემონიების სასახლეში, სადაც ბოჭორიშვილისა და ელჩის შეხვედრა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირაა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი გადავიდა.

    ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდება რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

    23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

    ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.