პოლიტიკა
    2026-04-28 | 10:43

    დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა - დაჯი კოვზირიძე

    დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა - დაჯი კოვზირიძე

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა დაჯი კოვზირიძემ ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და მისი დახურვა მოითხოვა.

    დეპუტატის განცხადებით, 2019 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურებოდა, ხოლო მანამდე მოეწყობოდა გაზისა და გრუნტის წყლების შემკრები სისტემები, რაც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულებები არ შესრულებულა.

    კოვზირიძის თქმით, ნაგავსაყრელი, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მისი შეფასებით, ტოქსიკური ნაჟური აღწევს ნიადაგში, ხვდება იორის არხში და საბოლოოდ თბილისის ზღვაში, რაც ქალაქის წყალმომარაგებაზე ახდენს გავლენას.

    მისივე განცხადებით, ჰაერის დაბინძურებაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს — ნარჩენების ლპობის შედეგად გამოყოფილი აირები ქმნის მძაფრ სუნს, რომელიც კილომეტრებზე ვრცელდება და ადგილობრივებისთვის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.

    დეპუტატი ასევე ამტკიცებს, რომ მიმდებარე დასახლებებში გაზრდილია ონკოლოგიური, რესპირატორული და ალერგიული დაავადებების შემთხვევები, ფიქსირდება მცენარეული საფარის დაზიანება და პირუტყვის დახოცვის ფაქტები.

    კოვზირიძის თქმით, ლილოს ნაგავსაყრელი დღეს „ბიოლოგიური საფრთხის ზონად“ არის ქცეული, სადაც ეკოლოგიური, სანიტარული და ჯანმრთელობის რისკები ერთდროულად იკვეთება. მისივე განცხადებით, მიუხედავად მოსახლეობასთან მრავალჯერადი შეხვედრებისა, ნაგავსაყრელის დახურვასთან დაკავშირებით მიცემული დაპირებები არ შესრულებულა და ობიექტი კიდევ უფრო გაიზარდა.

    დეპუტატმა ასევე ისაუბრა ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის პრობლემაზე. მისი თქმით, 3.5-კილომეტრიანი გზა ამორტიზებულია, მისი რეაბილიტაცია კი 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კოვზირიძის მტკიცებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები არ შეასრულა და თანხა მიითვისა.

    დაჯი კოვზირიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, დიდი ლილოს, ლილოს, ნასაგურის, წინუბნის, ნორიოსა და მარტყოფის მოსახლეობის სახელით, დახუროს ლილოს ნაგავსაყრელი და უზრუნველყოს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რათა განიტვირთოს კახეთის გზატკეცილი და მოსახლეობას გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდეს.

    “დახურეთ ლილოს ნაგავსაყრელი, მიეცით ადამიანებს სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა.“- განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

     

     

    მსგავსი სტატიები