ქეთევან ბაკარაძე მიხეილ სარჯველაძეს: თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი, თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს უსმენენ. მიხეილ სარჯველაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. მინისტრს 24 შეკითხვით მიმართეს, მათ შორის, დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე და ონკოპაციენტების მკურნალობაზე. შეკითხვები შეეხება DRG პროგრამას და ჯანდაცვის სხვა საკითხებსაც.
პროცედურის დასაწყისში გამოსვლა ჰქონდა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ქეთევან ბაკარაძეს.
„დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავად გახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ, ხშირ შემთხვევაში ექიმი ან ადგილზე არ ჰყავთ, ან იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურების ტარიფი, რომ ვიზიტისგან თავს იკავებენ. ამ დროს კი, სამწუხაროდ სახელმწიფო არ დგას ხალხის გვერდში. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო.
ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ გარანტიებზე. არც ამ სამინისტროს ბიუჯეტი არ არის თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება, ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა! თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი“, - მიმართა მან ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს.
ქეთევან ბაკარაძის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მას უპასუხა მიხეილ სარჯველაძემაც. მინისტრმა დეპუტატის გამოსვლას „ყალბი პათეტიკა“ უწოდა.
„ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისოსაც“ სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა, ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმი. დილეტანტიზმი და ამავდროულად ამორალობაც... არავინ მოელოდა თქვენს დღევანდელ სრულიად ყალბ პათეტიკას... პატივისცემას არ იმსახურებს ჯანდაცვასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 24 თემის კითხვის სახით ჩამოწერა, რაზედაც ყური მოუკრავთ როგორც ჩანს და ამისთვის 3-საათიანი პროცედურის გამოყენება. ეს მეტყველებს ოპოზიციის ზერელე და ზედაპირულ მიდგომაზე“, - თქვა მინისტრმა.