მოსკოვი ადასტურებს ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი დათანხმდა დონალდ ტრამპის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9–11 მაისის პერიოდში და უკრაინასთან სამხედრო ტყვეების გაცვლას.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, ვადასტურებ, რომ რუსეთის მხარისთვის მისაღებია ახლახან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ეხება ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინის შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“, – განაცხადა უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტების ფარგლებში, რომელიც პარალელურად კავშირზე იყო კიევთანაც.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტა. დონალდ ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერებას, ასევე 1 000 ტყვის გაცვლას ორივე მხრიდან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „აღლუმის დროს მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“.