საზოგადოება
    2026-05-19 | 13:47

    საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებისა და პატრიარქ შიო მესამის შეხვედრა დასრულდა

    საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებისა და პატრიარქ შიო მესამის შეხვედრა დასრულდა

    საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებისა და პატრიარქ შიო მესამის შეხვედრა დასრულდა. 

    შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ მათი შვილებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავად მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

    ამასთან მშობლების თქმით, პატრიარქი მათ დაჰპირდა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან - "რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს". 

    “სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოხდება საპატრიარქოში და ამ სამუშაო შეხვედრაზე ვიქნებით წარმოდგენილი ჩვენ მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს იქნება, შეიძლება ითქვას, სამმხრივი შეხვედრა მშობლებს, საპატრიარქოსა და სპეციალისტებს შორის, სადაც შევჯერდებით შემდგომ ნაბიჯებზე და შემდგომ მოხდება ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და საპატრიარქო ჩვენ შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, ეს ჩატეხილი ხიდი აღდგეს," - ამბობს დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვების მამა, იურისტი კახა წიქარიშვილი. 

    ზაქრო გვიშიანის თქმით, პატრიარქმა განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია მათი პრობლემის მოგვარების მიზნით. ასევე, საპატრიარქო მათ შვილებს პერიოდულად დალოცავს. 

    “პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, აბსოლუტურად ყველა საკითხზე ექნება კომუნიკაცია ყველა იმ თანამდებობის პირთან, ადამიანთან, მათ შორის ექიმებთან, მედიცინის მუშაკებთან ამ საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარების მიზნით. 

    ასევე იყო შეპირება და იქნება დალოცვა ჩვენი შვილების საპატრიარქოს მხრიდან და ეს იქნება პერიოდულად, არა მხოლოდ ერთჯერადად და ასევე, იმუშავებენ ყველა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად იყოს საპატრიარქო საქმის კურსში ამ საკითხთან მიმართებაში," - განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა. 

    დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა ნანა დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქო აუცილებლად გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მათ შვილებს სასიკეთოდ წაადგებათ​.

    “ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ აუცილებლად გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენ შვილებს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგებათ და დაიწყებს სამუშაო ჯგუფის შექმნას. ეტაპობრივად მოხდება სპეციალისტების, მშობლების ჩართვა ამ პროცესში," - თქვა ნანა დაბრუნდაშილმა. 

    ამასთან, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნავენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტი კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან განცხადებების რიტორიკა არ შეცვლილა. 

    წყარო