ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები
კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე დასმუი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება და სჭარბობს ემოციები.
„ძალიან კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც, იმიტომ, რომ სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება ხოლმე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, უფრო სჭარბობს ხოლმე ემოციები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისთვის ვერ გაამტყუნებ იმ ადამიანებს, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ. შეუძლებელია ბავშვის მშობელი გაამტყუნო თუნდაც ჭარბი ემოციებისთვის, როდესაც საუბრობენ ასეთ საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რაციონალური მსჯელობის გაგრძელება ამ საკითხზე. ყველაფერი არის კომპლექსურად განსახილველი. იყო საკითხი, რომელიც მთავრობამ კონკრეტული ფორმით გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 30 მილიონი აქვს სახელმწიფოს დახარჯული ისეთ რამეში, რაც ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. გამომდინარე იქიდან, რომ იოლი გამოსავალი ენახა მთავრობას, არ მიეღო ზედმეტი პიარული ტვირთი საკუთარ თავზე, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადასახადის გადამხდელს დაუჯდა 30 მილიონი ლარი. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს. მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იქნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიღებული. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჯანსაღი დისკუსია ამ თემაზე. ჩვენ მზად ვართ საპატრიარქოსთანაც მსჯელობისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო იქნება სრულად ჩართული დისკუსიებში. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ მიღებული იქნას რაციონალური გადაწყვეტილება. მე ასევე საზოგადოებას ვთხოვდი, რომ მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს ამ საკითხს. მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. როგორც კი კითხვა დავუსვი კონკრეტულ ადამიანს, იცით თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას, ეტლში ჩაჯდომის გადავადებას და ა.შ. არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იქნებ მართლა ვცდებით, იქნებ არ ვცდებით, მაგრამ როდესაც მოქალაქე გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ მანამდე ჩაუღრმავდნენ თითოეულ დეტალს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული დისკუსიის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ყველამ ერთად რაციონალური გადაწყვეტილებები. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებისგან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი და სადაც ჭარბი ემოციებიც კი შეიძლება იყოს გამართლებული, მაგრამ, მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა“, - განაცხადა პრემიერმა.