სოცმედია
    2026-05-31 | 08:18

    რაც 14 წელია არც ერთხელ არ გაუბედავთ, ახლა გაბედეს და ზედიზედ რამდენიმე რუსის აგენტი დაიჭირეს, რატომ? – ბექა კობახიძე

    რაც 14 წელია არც ერთხელ არ გაუბედავთ, ახლა გაბედეს და ზედიზედ რამდენიმე რუსის აგენტი დაიჭირეს, რატომ? – ბექა კობახიძე

    ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

    „რატომ დაიჭირეს რუსი გულბაათ რცხილაძე? მანამდე რატომ დაიჭირეს რუსი გიორგი კანდელაკი? რატომ დაიჭირეს "მიხეილ უკრაინოლოგი" (ამის სახელი არ მახსოვს)?[გიორგი უძილაური] რატომ გაიქცა მოსკოვში ნიკოლოზ მჟავანაძე? რატომ აღძრეს საქმე რომანოვ-ფარცხალაძეზე? რატომ გაუუქმეს ალტ-ინფოს საარჩევნო რეგისტრაცია? რატომ გამოჰყავთ რუსებს და ალაპარაკებენ იგორ გიორგაძეს, ვინმე მამუკა ფიფიას და სხვებს?

    ქოცს ერთი ადგილი რომ ქონდეს, პროპაგანდას აწევდა, აგერ ძმაო ჩვენ ანტირუსები ვართ, ამდენი ფაქტია, თქვენ რეებს უბერავთო. მაგრამ არ აქვთ ეგ ერთი ადგილი.

    ახლა რა ხდება, რა კავშირი აქვს ყველაფერ ზემოთქმულს ერთმანეთთან და ყოველივეს მიუხედავად მაინც რატომ არიან ქოცები რუსები?

    ვეჭვობ ეს კითხვა ბევრს დაებადა, ზოგი დაიბნა კიდეც და "აქ რაღაც თამაშებია..." იფიქრა. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან თანმიმდევრულად ხდება.

    ქოცების რუსული პოლიტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: არ არის საჭირო საქართველოში ჯარით შემოსვლა, "დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია", ჩვენი ხელით გავატარებთ ყველა "რეფორმას" ისე, რომ თავსებადები ვიყოთ რუსულ სივრცესთან, რომ თქვენ მოგეწონოთ. ვინც რუსების ქმედებებს კარგად იცნობს საკუთრივ რუსეთში და ბელარუსში, მათ ხელწერას, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, ბოლო წლების საქართველოშიც ამოიცნობდა.

    რუსებს მოსწონთ ქოცებმა რაც გააკეთეს, მაგრამ მეტი უნდათ. კერძოდ, თუ ეს გაუვათ, მეზობელი ქვეყნების სრულ ანექსიაზეც არ იტყვიან უარს. ეს ასეც იგეგმებოდა, მაგრამ უკრაინის ჯარმა გააჩერა ეს ამბავი. მერე სომხეთი და აზერბაიჯანი გაძვრნენ გავლენის ზონიდან, მერე ცენტრალური აზიის ქვეყნები მიეკედლნენ ჩინეთს და ამ ეტაპზე "ბლიჟნეე ზარუბეჟიეს" (ახლა ასე უწოდებენ ყოფილ კოლონიებს) სრული ანექსია რეალისტურად არ გამოიყურება.

    მაგრამ საქართველოსთან მიმართებით აქვთ პროგრამა მინიმუმიც: კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და, რაც მთავარია, საქართველოს მხრიდან "ახალი რეალობის" აღიარება - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" ცნობა.

    ბოლო წლებში გატარებული პროპაგანდისტული კამპანიებიდან, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" შექმნიდან, პარტიების ასაკრძალად დარეგისტრირებული სარჩელიდან გამომდინარე ჩანს, რომ ქოცები მზად არიან 78-ე მუხლი და ნეიტრალიტეტი მისცენ რუსებს თუ რუსები დათანხმდებიან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ მოითხოვენ. ქოცები რუსებს აძლევენ მათ ხელში არსებულ მაქსიმუმს: კანონმდებლობის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, რიტორიკის, ისტორიული ნარატივის, განათლების სფეროს სრულ ჰარმონიზაციას რუსეთთან და ამას დამატებულ ნეიტრალიტეტს, მაგრამ რუსები აფხაზეთსა და ცხინვალს სამხედრო მონაპოვრად მიიჩნევენ და ამის ოფიციალური გაფორმება, მომენტუმის გამოყენება უნდათ. ქოცები რომ გადავარდნენ ან გარემოება შეიცვალოს და ბიძინამ გადააგდოს, მათ სურთ ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს მიერ აღიარება შერჩეთ (როგორც კარელია, ფინეთის შემთხვევაში).

    ქოცებს ამის მიცემა უბრალოდ არ შეუძლიათ. საინფორმაციო ველი საქართველოში არ არის და შეიძლება არც არასდროს იყოს მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ევროპის გინებას ტრადიციების დაცვას დაარქმევ, რუსულ პოლიტიკას - ერთმორწმუნეობას, მაგრამ ყველაზე დებილ ქოცსაც გაჭირდება დააჯერო, რომ ტერიტორიების რუსეთზე გადაფორმება პატრიოტული საქციელია. ეს მხოლოდ საოკუპაციო ხელისუფლებას შეუძლია, რომელიც საოკუპაციო კოლონიური ჯარით მართავს ქვეყანას. ამას გდდ-ს რობოკოპიც ვერ მოაწერს ხელს. უბრალოდ სახალხო ამბოხი დაიწყება.

    რუსებმა, კაიო, ჩვენ თქვენზე უფრო დამჯერი ბიჭები გვყავს აქეთო. წლებია დაიწყეს ქოცების ალტერნატიული პრორუსული პოლუსის შექმნა საქართველოში.

    ისტორიის ამ ეტაპზე, ქოცის ხელისუფლებისთვის მთავარ საფრთხეს არც დასავლეთი წარმოადგენს, რომელიც მთლიანად უკრაინაზეა გადართული და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაც არ აქვს, და არც - პროდასავლური ოპოზიცია. ქოცისთვის უკიდურესად სახიფათოა რუსეთმა ეს ჯგუფები ისე არ გააძლიეროს, რომ მის ხელისუფლებას საფრთხე შეექმნას. დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთს საქართველოში პოლიტიკაც აქვს, ხალხიც ყავს და ფულსაც ხარჯავს. რუსეთს უნდა, უკეთეს შემთხვევაში, გულბაათ რცხილაძეები ხელისუფლებაში მოიყვანოს; ან, სულ მინიმუმ, ისინი ისე მოაძლიეროს, რომ ამ ხალხით აშანტაჟოს ქოცები.

    ქოცებს უნდათ ეს პოლუსი არ არსებობდეს. მათ სურთ ქოცების ალტერნატივა იყოს არა იგორ გიორგაძე, არამედ სუსტი პროდასავლური ოპოზიცია, რათა რუსეთი სწორედ ქოცებს დაეყრდნოს. პროდასავლური ოპოზიცია სუსტი უნდა იყოს იმდენად, რომ ქოცებს არსებითი საფრთხე ვერ შეუქმნას, მაგრამ უნდა არსებობდეს, რათა რუსის თვალში ქოცი უკეთეს ვარიანტად ჩანდეს.

    ქოცები მხოლოდ იმ შემთხვევაში აკრძალავენ პროდასავლურ პარტიებს და გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს თუ რუსებისგან მყარ გარანტიას მიიღებენ, რომ ამის მეტს რუსი მათ არ მოსთხოვს; ან მეორე შემთხვევაში - თუ საომარი საფრთხე რეალური გახდება. მე იმის არ მჯერა, რომ რუსებს მეორე ომის (თუნდაც პატარის) თავი აქვთ რამდენიმე წლის პერსპექტივაში და არც იმის, რომ აფხაზეთის აღიარებას აღარ მოითხოვენ. ამიტომ, დარჩება ეს სტატუს ქვო ოპოზიციასთან. სანამ ეს ასეა, ქოცს არც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება და არც ოპოზიციის აკრძალვა.

    რუსებსა და პრორუსებში ბევრი სხვადასხვა, ერთმანეთისადმი კონკურენტულად განწყობილი ჯგუფია, რომლებსაც რუსეთში სხვადასხვა უწყებრივი პატრონი ყავთ. ქოცებს უნდათ, რომ ამ ფლანგზე მონოპოლისტები იყვნენ და სხვების გაძლიერებას არ დაუშვებენ.

    ბოლო დროს მომხდარი პრაქტიკული მაგალითი რომ გითხრათ: რუსებს ძალიან არ მოსწონთ ქართულ საჯარო სივრცეში რუსეთის გინება რომ მოსულა. ქოცები ცხადია არ აგინებენ, მაგრამ გინება მოსულა. ამის აღმოსაფხვრელად იკეტება არქივები, "რეფორმირდება" განათლების სფერო, მაგრამ რუსებმა ეს საკმარისი არ არისო და გულბაათ რცხილაძემ მონიტორინგი შექმნა, ჩვენ უნდა მოვნიშნოთ შავი სია მთელს ქვეყანაშიო. ქოცებმა, ამის პასუხად, ეს ჩვენი მონოპოლია არისო. თავად შექმნეს მონიტორინგის სამმართველო და გულბაათი დაიჭირეს.

    რაც 14 წელია არც ერთხელ არ გაუბედავთ, ახლა გაბედეს და ზედიზედ რამდენიმე რუსის აგენტი დაიჭირეს. რატომ? ჯერესერთი იმიტომ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსების 98% უკრაინისკენ აქვს მიტრიალებული და იქაც მარცხს განიცდის; მერე იმიტომ რომ აქ ფაშინიანი აჯანყდა, ალიევი მუშტებს უქნევს, ყაზახეთის პრეზიდენტი ეტლიკინება პუტინს და ამ დროს ლეკვივით მორჩილ ქოცს ომს ხომ არ დაუწყებენ გულბაათ რცხილაძის გამო?

    1921-1923 წლებში საქართველოს "ნაციონალ-უკლონისტები" მართავდნენ. რუსეთმა ამ ხალხის ხელით გააკეთა ოკუპაცია, ბოლშევიკურ სახელმწიფო წყობასთან სრული ჰარმონიზაცია, მაგრამ საქმე ფორმალურ ანექსიაზე რომ მიდგა, ესენი აყვირდნენ - ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართო. ამ ხალხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოების, ქართული წითელი არმიის და კიდევ ბევრი სხვა რამის შენარჩუნებაც უნდოდა, საქართველოს ტერიტორიების მეზობლებისთვის გადაცემის წინააღმდეგაც იხმალავა, მაგრამ მაშინ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე იყვნენ იგორ გიორგაძისა და გულბაათ რცხილაძის როლებში. ჯერ დახსნეს თანამდებობებიდან ეს შენი ნაციონალ-უკლონისტები და მერე მიახვრიტეს. საქართველოს კი აღარც თავისი წითელი არმია შერჩა, აღარც საგარეო საქმეთა სამინისტრო, აღარც საელჩო და შეათრიეს სსრკ-ში, ისიც ამიერკავკასიის ფედერაციის გავლით.

    ასეთი ამბებია ჩვენს თავს“.

    მსგავსი სტატიები