კომენტარი
    2026-05-31 | 10:17

    დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა - ელენე ხოშტარია

    დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა - ელენე ხოშტარია

    დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა, - ასე ეხმაურება რუსთავის ქალთა ციხიდან  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გორში, პოლიციელების მხრიდან ორ მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობას.

    „გორში მომხდარ ძალადობაზე თავად „ოცნების“ რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას - კრიმინალური, სისტემური, ორგანიზებული ძალადობა. ძალის გადამეტება - როგორ შეიძლება, ძალის გადამეტება იყოს იქ, სადაც ძალის გამოყენების უფლება არავის არ ჰქონდა?!

    ტყუილი - საქმეში ფიგურირებს დანა და ქვა. შსს თავადაა ძალადობის წყარო და სჭირდებათ შემსრულებლების გამოძვრენა. საქმეში არანაირი მტკიცებულება დანის, ან ქვის შესახებ არ არსებობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ღიად და დემონსტრაციულად იტყუება.

    დაზარალებულის „ბრალეულობა“ - ამაზე საუბარი უკვე მთლიანად ე.წ. მთავრობის მხრიდან, მსხვერპლზე ძალადობის გაგრძელებაა. ანუ ე.წ. მთავრობა არამხოლოდ ამართლებს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობას და ხელს აფარებს მოძალადეებს, არამედ თავადაც აგრძელებს ძალადობას ამ უდანაშაულო ადამიანზე.

    „ოცნების“ პოლიტიკური განცხადებები - ტრადიციისამებრ, არაადამიანური და ძალადობრივი“, - წერს ელენე ხოშტარია.

    პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. 

    შეგახსენებთ, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.