მსოფლიო
    2026-06-01 | 05:16

    ირანის პრეზიდენტმა უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა - Iran International

    ირანის პრეზიდენტმა უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა - Iran International

    ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილი უზენაესი ლიდერის ოფისს გაუგზავნა. ამის შესახებ Iran International-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

    წყაროს ინფორმაციით, კვირას გაგზავნილ წერილში ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ფაქტობრივად ჩამოშორებულნი არიან. მისი შეფასებით, შექმნილმა ვაკუუმმა საშუალება მისცა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მკაცრი ხაზის წარმომადგენლებს, ქვეყნის მართვაზე კონტროლი მოეპოვებინათ.

    ფეზეშქიანის განცხადებით, არსებული ვითარების პირობებში იგი ვეღარ ახერხებს მთავრობის მართვასა და კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რის გამოც თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

    გამოცემა წერრს, ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს თუ არა პრეზიდენტის გადადგომას უზენაესი ლიდერის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, თუმცა წერილის შინაარსი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებულ ღრმა და უპრეცედენტო დაპირისპირებაზე მიუთითებს.

    ინფორმაცია ვრცელდება მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ირანის მთავრობასა და ქვეყნის სამხედრო-სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის დაძაბულობა იზრდებოდა. Iran International-ი ადრე იუწყებოდა, რომ IRGC-მ ეტაპობრივად შეზღუდა პრეზიდენტის მრავალი უფლებამოსილება და მთავრობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ფაქტობრივი კონტროლი დაამყარა.

    ინფორმირებული წყაროების თანახმად, შექმნილმა მდგომარეობამ ფეზეშქიანის ადმინისტრაცია პოლიტიკურ და აღმასრულებელ ჩიხში მოაქცია, რამაც შეაფერხა როგორც დიპლომატიური მოლაპარაკებების გაგრძელება, ისე მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების დასრულება და განხორციელება.