გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს. მან მოსახლეობას მოუწოდა, უახლოეს დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სარაკეტო საფრთხის შესახებ გამაფრთხილებელ სიგნალებს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს დამატებითი შეიარაღების მიღებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ტიპის დრონებისგან დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
მისივე თქმით, დაზვერვა აწვდის უკრაინას ინფორმაციას რუსეთის პრიორიტეტული სამიზნეების შესახებ, რის საფუძველზეც თავდაცვის ღონისძიებები იგეგმება.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ენერგეტიკოსებსა და სარემონტო ჯგუფებს, რომლებიც რუსული დარტყმების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ. მან განსაკუთრებით მძიმე ვითარება დნიპროში, პავლოგრადში, ხარკოვის, ოდესის, სუმის, დონეცკისა და მიკოლაივის ოლქებში აღნიშნა.
„ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებენ. ამ დღეებში, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ სიგნალებს. რუსეთმა უნდა იცოდეს: ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ და რუსეთის თითოეულ დარტყმას პასუხს გავცემთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე შექმნილ საერთაშორისო კოალიციას შეუერთდა. მისი თქმით, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მიზნით შექმნილ ჰუმანიტარულ კოალიციაში უკვე 54 ქვეყანაა გაერთიანებული.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთთან ტყვეების მორიგი გაცვლისთვის მზადება მიმდინარეობს და იმედოვნებენ, რომ გაცვლა მასშტაბური იქნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მუშაობს როგორც რუსული ტყვეობიდან მოქალაქეების გათავისუფლებაზე, ისე რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებაზე.