ტრამპი ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა: „რა უნდა, რომ გავაკეთო?“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიცილით უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია, იანვრამდე მიღწევას ცდილობენ.
როგორც New York Post წერს, ჟურნალისტის კითხვის პასუხად ტრამპმა თავდაპირველად იკითხა: „ვინ თქვა ეს?“ შემდეგ კი, ერთ-ერთ თანაშემწესთან მზერის გაცვლის შემდეგ, დაამატა: „რა უნდა, რომ გავაკეთო?“
ტრამპის განცხადებით, კონფლიქტი გაჭიანურდა, რადგან შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის მზაობაა საჭირო.
„მკაცრი ვადები არ მაქვს. უბრალოდ, მინდა, ეს დასრულდეს. იცით, ეს ჩვენ არ გვეხება. სიამოვნებით დავასრულებდი ამას დღესვე, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. ვნახოთ, რა მოხდება.
ზოგჯერ ჩანს, რომ (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ) პუტინი მზად არის, ზელენსკი კი — არა. ზოგჯერ ზელენსკის ძალიან სურს ამის დასრულება, პუტინი კი მზად არ არის. ეს დღეზეა დამოკიდებული“, — განაცხადა ტრამპმა.