მსოფლიო
    2026-06-05 | 06:31

    ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა და პირადი შეხვედრა შესთავაზა

    ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა და პირადი შეხვედრა შესთავაზა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინი ღია წერილით მიმართა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით პირადი შეხვედრა შესთავაზა.

    ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების პერიოდში სრულად შეწყვიტოს ცეცხლი, ასევე განახორციელოს სამხედრო ტყვეების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველას სანაცვლოდ“ და გადადგას ნაბიჯები ომის დროს რუსეთში გადაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად.

    „საკმარისია ომი. უკრაინა ამ ომის დასრულებას სთავაზობს. მე გთავაზობთ შეხვედრას. არსებობს ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ომისა და მშვიდობის საკითხებზე მოლაპარაკებებს. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები — ბევრი მზად არის ასეთი შეხვედრის მისაღებად“, – წერს ზელენსკი.

    უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ომი რუსეთის ლიდერის პირადი არჩევანია და ისტორია მას „ომად რეალური მიზეზის გარეშე“ დაიმახსოვრებს.

    ამასთან, ზელენსკი ამტკიცებს, რომ რუსეთის რესურსები მცირდება, ხოლო რუს საზოგადოებაში ომის მიმართ უკმაყოფილება იზრდება. მისი თქმით, რუსებს არ მოსწონთ დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული დარტყმები, ბენზინის დეფიციტი, ფასების ზრდა, მობილიზაციის ახალი ტალღის პერსპექტივა და ის ფაქტი, რომ ომის დასრულება არ ჩანს.

    ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და საერთაშორისო მხარდაჭერას კვლავ მიიღებს, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება, ვიდრე უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება.

    „თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დრო დადგა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას საკუთარი არსებობისთვის. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერენ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

    ღია წერილის ბოლოს ზელენსკიმ პუტინს მოუწოდა, „ნუ შეეშინდება ომიდან გამოსვლის“, რადგან, მისი შეფასებით, სწორედ ეს არის მთავარი, რასაც დღეს მისგან ელიან.