საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ორგანიზაცია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას.
როგორც ორგანიზაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, „შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლის სამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს“.
საია-ს განცხადებით, დაზარალებული მოქალაქეების სახელით სტრატეგიული სამართალწარმოება 2026 წლის 16 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა იურიდიული დახმარების მიღების მიზნით მიმართეს, ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ არაერთი განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა: გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაზარალებულთა გამოკითხვა; წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის პრაქტიკის სამართლებრივი შეფასება; ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება; ასევე, საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა.
„მიუხედავად იმისა, რომ საია-ს მიერ საქმის წარმოების დაწყებიდან თითქმის ოთხი თვეა გასული, ხოლო მოვლენებიდან წელიწად-ნახევარი, შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ სრულყოფილი პასუხები საკვანძო კითხვებზე. აღნიშნულ ვითარებაში, საია იძულებულია, თავად შეითავსოს ის ფუნქციები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს ეკისრებათ. დღეს ორგანიზაცია წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
საია ყურადღებას ამახვილებს ორ განსაკუთრებით საგანგაშო გარემოებაზე:
1 – საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წყლის ჭავლისა და ქიმიური გამაღიზიანებლების შერევას, როგორც შეკრებების მართვის კანონიერ საშუალებას და არ ადგენს მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის კანონიერების მოთხოვნას და შეიძლება შეფასდეს როგორც ექსპერიმენტული იარაღის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, კონვენციური სტანდარტით არასათანადო მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.
ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს ოფიციალური საჯარო განმარტება, ხოლო პროკურატურამ უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით.
2- პრობლემურია ფაქტების მიზანმიმართული არასრულყოფილი შეფასება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 2024 წლის 4-5 დეკემბრის მოვლენებს და არ მოიცავს სხვა თარიღებში განვითარებულ ეპიზოდებს. საია-ს მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით 5 სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს:
საია-ს განცხადება 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს: „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა და ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ […].“
საია-ს განცხადება 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს: „[…] 23:03 საათიდან ჩიტაძის ქუჩაზე გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რის შემდეგაც აღნიშნულ საშუალებას პერიოდულად იყენებენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. წყლის ჭავლს იყენებენ ჭიჭინაძის ქუჩაზეც. აქციის მონაწილეთა და ჟურნალისტთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, კვლავ ქიმიური ნივთიერებებია გარეული, რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცალსახად არასათანადო მოპყრობას წარმოადგენს […].“
საია-ს მეორე განცხადება 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს3: „[…] 02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი და, ასევე, კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, შსს-მ თავად უნდა განმარტოს, თუ რა არის ეს საშუალება.“
საია-ს განცხადება 2024 წლის 1-2 დეკემბრის ღამეს4: „[…] ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას […].“
საია-ს განცხადება 2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს5: „[…] 23:30 საათიდან სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო აქციის დარბევა. პოლიციამ დააკავა რამდენიმე პირი და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად იძალადა, ამავდროულად, დაიწყეს რამდენიმე სპეციალური საშუალების ერთდროულად გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის […]. აქციაზე მყოფი არაერთი მოქალაქე აღნიშნავს გამოყენებული სპეციალური საშუალებების განსაკუთრებით მავნე ზემოქმედებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საიამ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაესაჯაროებინა, რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა, თუმცა შსს კვლავ საზოგადოებისთვის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ […]“.
ყურადღებამისაქცევია, რომ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევის ოპერაციებამდე, 2024 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ის საჯაროდ ადასტურებდა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის შესაძლებლობას, თუმცა არ ახსენებდა სიტყვა „შერევას“ და საუბრობდა შემდეგი ტერმინოლოგიით: „ერთდროული“ ან „პარალელურ რეჟიმში“ გამოყენება. ეს განცხადება მიუთითებდა, რომ ასეთი პრაქტიკა, ერთი მხრივ, ეროვნულ სამართალთან და, მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი იყო. – ამონარიდი შსს-ს განცხადებიდან „[…] ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას. მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები […].“
განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 21 ოქტომბრის ამ განცხადებაში არასწორი კონტექსტით არის ციტირებული „ამნესთი ინთერნეიშენალის” (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტის ტექსტი. ამას საია 2024 წლის 21 ოქტომბერს საჯაროდ გამოეხმაურა. „ამნესთი ინთერნეიშენალის” დოკუმენტის მიხედვით, წყლის ჭავლში შეიძლება შერეული იყოს ქიმიური ნივთიერებები და საღებავი, თუმცა დოკუმენტი სწორედ ამ პრაქტიკის უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას: „წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა შეუძლებელს ხდის, გაკონტროლდეს გამღიზიანებელი საშუალების რაოდენობა და, დამატებით, შესაძლოა, ჰქონდეს ხანგრძლივი ეფექტი ინდივიდზე”. მეტიც, „ამნესთი ინთერნეიშენალის” სახელმძღვანელო მითითებები ცალსახად კრძალავს წყლის ჭავლის გამოყენებას ქიმიურ საშუალებებსა ან საღებავთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 21 ოქტომბრის განცხადებიდან მალევე, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ნოემბერ-დეკემბრის თვეში შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენება ხდებოდა, საიამ პირველივე დღეებში განახორციელა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის დოკუმენტირება, როგორც ეს ზემოთ არის დეტალურად აღწერილი 5 სხვადასხვა ეპიზოდთან მიმართებით.
„საია-მ დღეს აღნიშნულ საკითხებზე დეტალური დოკუმენტაცია გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურასთან. კომუნიკაცია მოიცავს ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიურ აღწერას, სახელმწიფო უწყებების განცხადებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, ასევე, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ანალიზს ქიმიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ის, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის დოკუმენტირება, მათ შორის, საიას მიერ, მომხდარიდან პირველივე დღეებში ხდებოდა, ზემოთ მოყვანილი ფაქტებით დასტურდება, თუმცა, ოფიციალური სტრუქტურების გააქტიურება ამ კუთხით 2025 წლის დეკემბრიდან მოხდა. კერძოდ: 2025 წლის 1-ელ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომლებშიც გამოითქვა ვარაუდი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“), რომელიც შერეული იყო წყლის ჭავლში.
2025 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ასევე 319-ე მუხლით (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).
2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამსახურმა დაადასტურა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება იყო არა კამიტი, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბრომობენზილ ციანიდი“ იგივე ,,კამიტი’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.
სუს-ის განცხადებაში ასევე წერია, რომ „[…] ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.“
სუს-ის ეს ინფორმაცია პასუხს არ სცემს: 1- რამდენი ადამიანი შევიდა ჰოსპიტლებში თვითდინებით? 2- რა სიმპტომები აღენიშნებოდათ მათ? 3- რა ფორმატში აღრიცხავდა (თუ აღრიცხავდა) დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც თავს აქციების კონტექსტში დაზარალებულად მიიჩნევდნენ?
გარდა ამისა, სუს-ი მიუთითებს: „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.“
სუს-ის ეს ინფორმაცია პასუხს არ სცემს იმას, თუ რა მოხდა იმ დღეებში, როდესაც აქციები ირბეოდა?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 30 ნოემბრის – 1-ლი დეკემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 1-2 დეკემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს?
რა საშუალებები გამოიყენეს 2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს?
აქედან, 5 თარიღთან მიმართებით, როგორც ზემოთ არის მოცემული, საიას დოკუმენტირებული აქვს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2025 წლის 10 დეკემბერს კი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამღიზიანებლების შერევა მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ და აღნიშნული საკითხი უნდა იყოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი, თუმცა როგორც კომისარი აღნიშნავს, 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრი მას არწმუნებდა, რომ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ.
„საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრებების მართვისას ქიმიური საშუალებების გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის მკაცრ სტანდარტებს, მათ შორის, წამების აბსოლუტური აკრძალვის ფარგლებში. ასეთი საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით.
ამ ფონზე განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოში ქიმიური საშუალებების გამოყენება, ერთი, რომ ექსპლიციტურად არ არის რეგულირებული, ამასთან, საზოგადოებისთვის უცნობია, რა სწავლება-მომზადება მიმდინარეობს ამ საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ხოლო, საგამოძიებო ორგანოები ამ დრომდე არ უზრუნველყოფენ ეფექტიან რეაგირებას.
საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, თითოეული აქციის დაშლისას ჩნდება კითხვები, რა ნივთიერებები ემატება წყლის ჭავლს, რა დოზით და რამდენად ექვემდებარება ეს პროცესი მკაცრ რეგულაციასა და სათანადო წვრთნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილებები კონკრეტულ ვითარებაში ინდივიდუალურად მიიღება, ეს ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს და ასეთ პრაქტიკას ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებასთან აახლოებს.
საია მიიჩნევს, რომ: ზემოთ მოცემული 7 ეპიზოდებთან დაკავშირებით პასუხები გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს და ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით. ამასთან, ვინაიდან სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებით უკვე საჯაროდ დადასტურებულია, რომ შსს წყლის ჭავლში (თუნდაც 1 ღამის განმავლობაში) ქიმიურ ნივთიერებას ურევდა (თუნდაც, ეს იყოს „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდებოდა ეს, ხოლო პროკურატურამ ეს საკითხი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა აქციოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.