მსოფლიო
    2026-06-15 | 06:06

    ირანული მედია აშშ-ირანის 14-პუნქტიანი მემორანდუმის პროექტის დეტალებს ავრცელებს

    ირანული მედია აშშ-ირანის 14-პუნქტიანი მემორანდუმის პროექტის დეტალებს ავრცელებს

    ირანის სახელმწიფო მედია აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის დეტალებს ავრცელებს.

    ნახევრად ოფიციალური ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr News Agency-ის ცნობით, დოკუმენტი, რომელიც ჯერჯერობით არც ერთი მხარის მიერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს:

    • მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში;

    • აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში;

    • აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას 30 დღის ვადაში;

    • ამერიკული ძალების ირანიდან გაყვანას;

    • ჰორმუზის სრუტის 30 დღის განმავლობაში გახსნას „ირანის მიერ განსაზღვრული პირობებით“;

    • აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ირანის აღდგენის მიზნით არანაკლებ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამების განხორციელებას;

    • ირანის ნავთობისა და ენერგეტიკულ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გაუქმებას;

    • ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის არწარმოების ვალდებულების ხელახალ დადასტურებას;

    • აშშ-ის ვალდებულებას, რეგიონში სამხედრო ძალები არ გაზარდოს და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ დააწესოს.

    ამასთან, Mehr News Agency-ის ინფორმაციით, „საბოლოო მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ირანის გაყინული აქტივების სულ მცირე ნახევარი არ გათავისუფლდება, ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციები არ შეჩერდება და საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება“.

    სააგენტოს ცნობით, საბოლოო შეთანხმება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით უნდა დამტკიცდეს.

    ამ დროისთვის აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არც ვაშინგტონს და არც თეირანს არ დაუდასტურებია.