კულტურა არის ის მიმართულება, რომელსაც შეუძლია დააბრუნოს ის ნდობის გარემო, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობდა - რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი
რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა მიხაილ შვიდკოიმ განაცხადა, რომ კულტურის სფეროს შეუძლია ეტაპობრივად აღადგინოს ნდობის ატმოსფერო რუსეთსა და საქართველოს შორის.
მისი თქმით, კულტურა არის ის მიმართულება, რომელსაც შეუძლია „ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ძალისმიერი ნაბიჯების გარეშე“ დააბრუნოს ის ნდობის გარემო, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობდა.
„ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, რადგან ჩვენს ქვეყნებს ძალიან ღრმა კავშირები აკავშირებთ“, – განაცხადა შვიდკოიმ რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-თან.
შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც არის, 14-15 ივნისს თბილისში გამართული კინოსპექტაკლების „ცირკის პრინცესისა“ და „რევერსის“ ჩვენებას დაესწრო.
მისი შეფასებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტების გასაღრმავებლად „განსაკუთრებით მიმზიდველია“. როგორც მან აღნიშნა, რუსული მხარე დაინტერესებულია საქართველოს თანამედროვე რუსული ხელოვნება, მხატვრობა, კინემატოგრაფია და შემსრულებლები გააცნოს.
„გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის კომფორტული იქნება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამგვარ კულტურულ ინიციატივებს თავისი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მან.
შვიდკოიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის. მისი თქმით, რუსეთში მრავალი ქართველი შემსრულებელი მოღვაწეობს, ხოლო ქართული კოლექტივები ქვეყანაში რეგულარულად მართავენ გასტროლებს.