მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევის შესახებ რუსული მხარე იუწყება
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე განხორციელებული დრონებით მასშტაბური შეტევის დროს რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის (МНПЗ) ტერიტორიას მიაღწია.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ დრონების მოგერიებას, თუმცა რამდენიმე უპილოტო აპარატმა მიზანს მიაღწია. მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები დარტყმების შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
რუსული მხარის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზეც ჩამოვარდა, სადაც მცირედი დაზიანება დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ელექტროსტალში დრონის ნამსხვრევების კერძო სახლის სახურავზე ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, უპილოტო აპარატი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსსაც დაეჯახა ჟუკოვსკიში, ხოლო ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში კერძო სახლები დაზიანდა. დასახლება კრიუკოვოში დრონების ფრაგმენტები რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ვორობიოვის ცნობით, დაზიანდა ასევე ფიტნეს-ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ერთი ობიექტი, ხოლო სავაჭრო ცენტრ „ბელაია დაჩას“ ტერიტორიაზე სახურავს ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც დაშავებულები არ არიან.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დილის განმავლობაში მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე სულ 52 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან, დროებითი შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.
რუსული მხარე მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.