მსოფლიო
    2026-06-22 | 06:43

    აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს - პაკისტანი და კატარი

    აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს - პაკისტანი და კატარი

    შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი „პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა, მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს, – ამის შესახებ შუამავლების, პაკისტანისა და კატარის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

    განცხადების მიხედვით, აშშ და ირანი შეთანხმდნენ მაღალი დონის კომიტეტის შექმნაზე, რომელიც მოლაპარაკებებს პოლიტიკურ ზედამხედველობას გაუწევს. მთავარი მომლაპარაკებლები კომიტეტს რეგულარულად ჩააბარებენ ანგარიშს და სამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებენ – ბირთვული პროგრამის, სანქციებისა და შეთანხმების განხორციელების კონტროლის მიმართულებით.

    მხარეები ასევე შეთანხმდნენ 60-დღიანი გზამკვლევის შემუშავებაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო არხი კომერციული გემების უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად – ინციდენტებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ირანი ამ ვალდებულებას 60 დღის ვადით იღებს.

    გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ ლიბანის მიმართულებით სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც კატარი და პაკისტანი უხელმძღვანელებენ და რომლის მიზანი ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის უზრუნველყოფა იქნება.

    ტექნიკური მოლაპარაკებები შვეიცარიაში მიმდინარე კვირასაც გაგრძელდება.

    „ტექნიკური მოლაპარაკებები კვირის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ყველა საკითხზე გაგრძელდება. შუამავალი მხარეები გააგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ ატმოსფეროში საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით. კატარის სახელმწიფო და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა გამოხატავენ გულწრფელ მადლიერებას ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დიპლომატიისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მათი მუდმივი ერთგულებისთვის. შუამავალი მხარეები აქებენ ძმურ და მეგობარ ქვეყნებს მიმდინარე მოლაპარაკებებში მათი მუდმივი მხარდაჭერისა და ღირებული წვლილისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.