სამართალი
    2026-06-29 | 11:49

    ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დაჯარიმდა

    ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დაჯარიმდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

    „მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, - განაცხადა თამარ გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

    საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

    სამმართველოს აზრით, პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

    აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს.