საზოგადოება
    2026-11-27 | 01:05

    ჰაკან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრა

    ჰაკან ფიდანი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრა

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Anadolu Agency დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემის წყაროების ცნობით, თურქეთი ყურადღებით აკვირდება ბათუმში ქართველი სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას.

    მათივე ინფორმაციით, თბილისში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებიან და ყველა საჭირო ზომას იღებენ თურქეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი უფლებების დასაცავად.