თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ბათუმში ბეშიქთაშის გულშემატკივრების მიმართ ქართველი სამართალდამცავების მოქმედებებს აკრიტიკებს
თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი ომერ ჩელიქი ბათუმში, ბეშიქთაშისა და ჰაპოელის მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან პალესტინის მხარდამჭერი ბანერისა და დროშის გაშლის შემდეგ ბეშიქთაშის გულშემატკივრების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა და ქართველი სამართალდამცავების მოქმედებები გააკრიტიკა.
„საქართველოში გამართულ მატჩზე გულშემატკივრების მიმართ ჩარევა და ძალადობა, მას შემდეგ, რაც მათ ბანერი წარწერით „თავისუფლება პალესტინას“ და პალესტინის დროშა გაშალეს, მიუღებელია.
ბეშიქთაშის გულშემატკივრებმა კაცობრიობის ერთიანობის სახელით ისაუბრეს და მთელი კაცობრიობის ხმა გახდნენ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მოედანზე ისრაელის გუნდის პროვოკაციებს.
ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ინციდენტების დროს დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით“, — წერს ომერ ჩელიქი.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.
უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.