პოლიტიკა
    2026-07-10 | 09:06

    საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმაა საჭირო, დღგ-ისა და ქონების გადასახადის ზღვრები უნდა გაიზარდოს - თორნიკე ართქმელაძე

    საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმაა საჭირო, დღგ-ისა და ქონების გადასახადის ზღვრები უნდა გაიზარდოს - თორნიკე ართქმელაძე

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს მეტ შემოსავალს დაუტოვებს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობას გაამარტივებს.

    როგორც ართქმელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია მოითხოვს, რომ დღგ-ის გადახდის ვალდებულება 100 ათასი ლარის ნაცვლად 500 ათასი ლარის წლიური ბრუნვის შემთხვევაში წარმოიშვას.

    მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან დანაკლისს არ გამოიწვევს, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძლიერი სტიმული იქნება.

    ართქმელაძის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ქონების გადასახადის 40 ათასლარიანი ზღვარია, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ განისაზღვრა და მას შემდეგ, ინფლაციისა და ფასების ზრდის მიუხედავად, არ შეცვლილა.

    მისივე განცხადებით, უფრო რაციონალური იქნება, თუ ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზრდება.

    „2005 წელს დადგენილი საგადასახადო ზღვრები დღემდე უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური გამოწვევა გაიარა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაცია, შეიცვალა ფასები და ფულის მსყიდველუნარიანობა. თუმცა სახელმწიფო კვლავ 20 წლის წინ დაწესებული კრიტერიუმებით ბეგრავს მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს“, – განაცხადა ართქმელაძემ.

    მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ მოქალაქეებისგან და ბიზნესისგან მიღებულ ფინანსურ რესურსს კორუფციულ სქემებში ხარჯავს, ხოლო მოქმედი საგადასახადო პოლიტიკა მოძველებულია და ვერ პასუხობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ისე საქართველოს მოქალაქეების თანამედროვე გამოწვევებს.