მსოფლიო
    2026-07-15 | 07:32

    ირანი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა

    ირანი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა

    ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

    ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების მორიგი ტალღისა და ირანის პორტების ბლოკადის საპასუხოდ რეგიონში რაკეტებითა და დრონებით იერიშები განახორციელეს.

    მათი ცნობით, ქუვეითში, მინა აბდულას რეგიონში მდებარე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრს დაარტყეს.

    ასევე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თქმით, ბაჰრეინში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის სამეთაურო ცენტრზე, საწყობებსა და საწვავის საცავებზე თავდასხმა განახორციელეს.

    ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იერიშები განახორციელეს იორდანიაში, ალ-აზრაქის ავიაბაზაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათი თქმით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს ტერიტორია, სადაც F/A-18 ტიპის გამანადგურებლები იყო განთავსებული, საცხოვრებელი შენობა და აშშ-ის არმიის კუთვნილი ტექნიკის დიდი ანგარი.