რუსეთის რამდენიმე ქალაქი უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე გახდა
რუსეთის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის როსტოვი, ენგელსი და ოკუპირებული ლუგანსკი, 25 ივლისის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ რუსული Telegram-არხები ASTRA და Exilenova+ იუწყებიან.
მონიტორინგის არხების ინფორმაციით, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში გამოცხადებული იყო სარაკეტო საფრთხე და დრონების თავდასხმის განგაში. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ძლიერი ხანძარი ენგელს-1-ის ქუჩაზე გაჩნდა, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილი მდებარეობს.
ამავე ცნობებით, ხანძრის კერასთან ახლოს განთავსებულია სამხედრო აეროდრომ „ენგელს-2“-ის ობიექტებიც. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლი.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება დაფიქსირდა როსტოვშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.