ვისაც უნდა ეროვნული სიწმინდეების, ღირებულებების დაცვა, ნერვები უნდა მოთოკოს და ეს კონსტიტუციური მეთოდებით გააკეთოს – თენგიზ შარმანაშვილი
არაკონსტიტუციური არაფერია იმაში, რომ ეროვნული სიწმინდეები დავიცვა. მათ სრული უფლება აქვთ, მაგრამ უკანონო, არაკონსტიტუციური გზებით თუ დააპირებენ, სახელმწიფოს უკიდურესად მძიმე რეაგირება ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
შარმანაშვილს გიორგი ქართველიშვილის მიერ „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.
„პრინციპულ რეაგირებაში თუ კანონის ფარგლებში საპასუხო აზრის გამოთქმას გულისხმობენ, ამის უფლება აქვთ, მაგრამ რომელიმე თუ ფიქრობს, რომ არაკანონიერად მოიქცევა, ამას ძალადობის ფორმით გააკეთებს ან რაღაც ისეთს ჩაიდენს, რაც კანონს ეწინააღმდეგება, სახელმწიფოს რეაგირება ექნება და ნაკლებად დაფიქრდება იმაზე, ჩვენს მხარდამჭერად მოიაზრება თუ – არა. ამიტომ, ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და რეაგირება კანონის ფარგლებში მოაქციონ. ამას თუ გაცდებიან, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მყისიერი რეაქცია ექნება ძალადობაზე და არავინ არავინ დაარწმუნოს, რომ რაღაც დაიფარება. არც ის არის სწორი, ვისაუბროთ, რა ტიპის ორგანიზაციების შექმნა შეიძლება და რისი – არა. ამას კონსტიტუციიდან გამომდინარე ვამბობ. არაკონსტიტუციური არაფერია იმაში, რომ ეროვნული სიწმინდეები დავიცვა. მათ სრული უფლება აქვთ, მაგრამ ამას უკანონო, არაკონსტიტუციური გზებით თუ დააპირებენ, სახელმწიფოს უკიდურესად მძიმე რეაგირება ექნება. ვისაც უნდა ეროვნული სიწმინდეების, ღირებულებების დაცვა, ნერვები უნდა მოთოკოს და ეს კონსტიტუციური მეთოდებით გააკეთოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“