პოლიტიკა
    2026-07-28 | 13:46

    ძალადობრივი რიტორიკა და არაფორმალური ჯგუფების პოლიტიკური მფარველობის საფრთხე - DRI

    ძალადობრივი რიტორიკა და არაფორმალური ჯგუფების პოლიტიკური მფარველობის საფრთხე - DRI

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 27 ივლისს MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნებას შეეხებოდა.

    ორგანიზაციის განცხადებით, ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი მოძრაობა „ბრძოლას“ იწყებს იმ პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი შეფასებით, შეურაცხყოფენ ქართულ იდენტობას, ტრადიციებს, ღირებულებებსა და რელიგიას.

    DRI-ის ინფორმაციით, მოძრაობის დეკლარირებული მიზანია „უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“ ბრძოლა. ამასთან, მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ „არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან“ და საჭიროების შემთხვევაში, თუ „გარემო პირობები სხვა გზას“ არ დაუტოვებთ, ციხეშიც წავლენ.

    ორგანიზაციის შეფასებით, ახლად დაანონსებული მოძრაობის მიზნები და რიტორიკა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“ იყოს.

    DRI აღნიშნავს, რომ ამ ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, მოძრაობის დამფუძნებელმა „ქვეყნის დასაცავად“ განხორციელებულ ქმედებად შეაფასა.

    ორგანიზაციის განცხადებით, არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ დაანონსებული მოძრაობის უკან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დგანან. DRI მიუთითებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკო ხურცილავას მიმართ საჯარო მხარდაჭერა გამოხატეს როგორც გიორგი ქართველიშვილმა, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ ხურცილავა „პატრიოტად“ და „ნამდვილ ქართველად“ მოიხსენია, მისი ქმედება „გადალახულ ზღვარზე რეაგირებად“ შეაფასა და საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა, საპარლამენტო მანდატი მისი თავდებობისთვის გამოეყენებინა. ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიკო ხურცილავას სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარტიის აქტივისტები და ხელისუფლებასთან აფილირებული პირები, რომლებმაც მისი გათავისუფლება საჯაროდ მოითხოვეს.

    DRI-ის შეფასებით, ძალადობაში ბრალდებული პირის მიმართ გიორგი ქართველიშვილისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ღია მხარდაჭერა ქმნის ლეგიტიმურ ეჭვს, რომ მოძრაობის წევრებს შესაძლოა ჰქონდეთ პოლიტიკური მფარველობის, დაუსჯელობის ან მხარდაჭერის მოლოდინი.

    ორგანიზაცია აცხადებს, რომ არაფორმალური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მორალის, რელიგიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და აღსრულების ფუნქციას, სამართლის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

    DRI-ის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის შექმნის, კონკრეტული იდეოლოგიური ჯგუფების წინააღმდეგ „ბრძოლის“ გამოცხადების, „მყისიერი რეაგირების“ და იმგვარი ქმედებების წინასწარი დაანონსების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლოა პატიმრობით დასრულდეს, საკმარის საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ შეისწავლონ მოძრაობის მიზნები, ორგანიზაციული სტრუქტურა, წევრობა, დაფინანსება, საქმიანობის მეთოდები და დაადგინონ, შეიცავს თუ არა მისი საქმიანობა ძალადობის, იძულების ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ნიშნებს.

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

    • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეაფასონ გიორგი ქართველიშვილის განცხადებებში მუქარის, ძალადობისკენ მოწოდების, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადების ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობა;

    • შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ აღნიშნული მოძრაობის ორგანიზაციული სტრუქტურის, წევრობის, დაფინანსების, საქმიანობის ფორმებისა და შესაძლო უკანონო მიზნების სრულყოფილი და მიუკერძოებელი შესწავლა;

    • სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ონისე ოქრიაშვილისა და იმ პირების ეფექტიანი დაცვა, რომლებიც აღნიშნული მოძრაობის განცხადებების საფუძველზე შესაძლოა პოტენციურ სამიზნეებად იქცნენ.