ირანის მიერ გაშვებული ყველა ბალისტიკური რაკეტა განეიტრალდა, მოგვიანებით აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყში ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებს დაარტყეს - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აღმოსავლეთის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ძალების წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევის მცდელობის ფარგლებში ირანის ტერიტორიიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ყველა ირანული რაკეტა წარმატებით იქნა მოგერიებული და განეიტრალებული. უწყების ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები რეგიონში მაღალი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში რჩებიან.
მოგვიანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 28 ივლისს აშშ-ისა და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებების ობიექტებზე ზუსტი საჰაერო იერიშები განახორციელეს.
CENTCOM-ის ცნობით, ოპერაციის სამიზნე გახდა აღმოსავლეთ ერაყში მდებარე რამდენიმე ლოგისტიკური და შეიარაღების ობიექტი, რომლებიც, უწყების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ იმართებოდა და გამოყენებული იყო აშშ-ის სამხედრო ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ორგანიზებისთვის.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, ბოლო 72 საათის განმავლობაში IRGC-ის მითითებით განხორციელდა 30-ზე მეტი საჰაერო დრონით თავდასხმა, თუმცა აშშ-ის ძალების წინააღმდეგ განხორციელებული ეს შეტევები უშედეგო აღმოჩნდა.
CENTCOM ასევე აღნიშნავს, რომ 2026 წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდში ერაყში ირანთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აშშ-ის მოქალაქეებსა და ობიექტებზე 600-ზე მეტი თავდასხმის მცდელობა განახორციელეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა და მასთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა მსგავსი თავდასხმები უნდა შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ დამატებით სამხედრო ზომებს მიიღებს.