პოლიტიკა
    2026-07-30 | 08:56

    ეს არ არის თვითშექმნილი ორგანიზაცია – ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის სტრატეგია, რომელიც სრულად ჯდება ძველ რუსულ სტრატეგიაში, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა და სახელმწიფოს დასუსტება - სალომე ზურაბიშვილი

    ეს არ არის თვითშექმნილი ორგანიზაცია – ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის სტრატეგია, რომელიც სრულად ჯდება ძველ რუსულ სტრატეგიაში, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა და სახელმწიფოს დასუსტება - სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ ორგანიზაციის შექმნა პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტისადმი უნდობლობის გამოხატულებაა და ქვეყნის დესტაბილიზაციის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.

    მისი თქმით, ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღარ მოქმედებს და მსგავსი ჯგუფების შექმნა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხდება.

    „ვხედავთ, რომ დღეს ქუჩაში არის ძალა, რომელსაც არაფერი აკავებს, კანონი აღარ არის უზენაესი, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას. ყველაფერი, მათ შორის ამ ჯგუფის დაარსებაც, კანონის გარეშე ხდება. ამ ჯგუფის შექმნით რეალურად უნდობლობაა გამოცხადებული პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    მისივე შეფასებით, ხელისუფლება თავად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

    „სახელმწიფო პირველ რიგში კანონზე, პოლიციასა და ჯარზე დგას. თუ ეს ინსტიტუტები რაიმე ფორმით შეირყა, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი ზიანია. ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფოს“, – აღნიშნა მან.

    ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი პოლარიზაციის გაღრმავებაა.

    „არ უნდა შევიდეთ ამ გამოწვევაში და ამ პროვოკაციებში. კრიტიკას ხელისუფლება არგუმენტებით კი არა, შეურაცხყოფით პასუხობს. ყოველდღიურად იზრდება ლანძღვისა და აგრესიის ხარისხი, რათა საზოგადოებაც იმავე რეჟიმში გადაიყვანონ“, – თქვა მან.

    მეხუთე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება საპროტესტო აქციებზე გამოყენებულ ზოგიერთ ბანერს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების კრიტიკა არგუმენტებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

    მისივე განცხადებით, ახალი ორგანიზაციის შექმნა სპონტანური პროცესი არ არის.

    „ეს ორგანიზაცია სერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ეს რეჟიმის გზავნილია. ეს არ არის თვითშექმნილი ორგანიზაცია – ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციის სტრატეგია, რომელიც სრულად ჯდება ძველ რუსულ სტრატეგიაში, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა და სახელმწიფოს დასუსტება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ამასთან, მისი თქმით, საზოგადოების პასუხი მსგავსი ჯგუფების შექმნა არ უნდა იყოს.

    „არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს საპირისპირო რეაქცია – ჩვენც არ უნდა დავიწყოთ მსგავსი ჯგუფების შექმნა. ასეთი ჯგუფების საბოლოო მიზანი სწორედ ორივე მხარეს მსგავსი დაჯგუფებების წარმოქმნა და დაპირისპირების გაღვივებაა. ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენ მშვიდობა გვინდა ამ ქვეყანაში და არ უნდა გავუხსნათ გზა დესტაბილიზაციის იმ ინსტრუმენტებს, რასაც, ჩემი შეფასებით, რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელით ქმნის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     

    მსგავსი სტატიები