დღეს ხშირად გვესმის მოწოდება: „უნდა დავიცვათ ქრისტიანობა! უნდა დავიცვათ სიწმინდე!“ ამ სიტყვებს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დაეთანხმება, მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: როგორ დავიცვათ?- დეკანოზი ზაქარია ფერაძე
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი კვიპროსის რესპუბლიკაში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოკრძალებით, თქვენდამი პატივისცემით და სიყვარულით, მსურს გამოვეხმიანო დღეს ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურ საკითხს, ქრისტიანობისა და მისი სიწმიდის დაცვის შესახებ ურთიერთ საწინააღმდეგო პოლემიკას. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველაზე ნაკლებად ჩვენი პირადი ემოციები და შეხედულებები, ხოლო ყველაზე მეტად თავად სახარება უნდა საუბრობდეს. ამიტომ, შევეცადოთ მოვუსმინოთ, რას გვასწავლის უფალი იესო ქრისტე, მისი წმინდა მოციქულები და წმინდა მამები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ქრისტე, მისი წმინდა ეკლესია და მისი სიწმიდე.
დღეს ხშირად გვესმის მოწოდება: „უნდა დავიცვათ ქრისტიანობა! უნდა დავიცვათ სიწმინდე!“
ამ სიტყვებს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დაეთანხმება.
მაგრამ მთავარი კითხვა სხვაა: როგორ დავიცვათ?
თუ ქრისტიანობას ქრისტეს გზით არ დავიცავთ, მაშინ უკვე ქრისტიანობას აღარ ვიცავთ.
პირველ ქრისტიანებს არ ჰქონდათ სახელმწიფო, არ ჰყავდათ ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პოლიტიკური ძალაუფლება ან რაიმე შეიარაღებული ფორმირება.
ჰყავდათ მხოლოდ ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე.
რომის იმპერია მათ სასტიკად დევნიდა. ქრისტიანებს აპატიმრებდნენ, ამცირებდნენ, აწამებდნენ, მხეცებს უგდებდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, ცეცხლში წვავდნენ, თავს კვეთდნენ.
მაგრამ მათ უფლის მცნება არასოდეს დაუვიწყებიათ:
„ ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.“
(მათე 5,44-45);
როდესაც პირველმოწამე წმინდა სტეფანეს ქვებით ქოლავდნენ, მან არ დაწყევლა თავისი მკვლელები, არამედ ილოცა:
„მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა..“
(საქმეები 7:60)
როდესაც პეტრემ ქრისტეს დასაცავად მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას მალქოზს და ყური ჩამოათალა.
უფალმა უთხრა:
„ ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. “
(მათე 26,52)
შემდეგ კი შეეხო მალქოზს და მოჭრილი ყური გაუმრთელა. (ლუკა 22,50–51)
რატომ განკურნა ქრისტემ ის, ვინც მის შესაპყრობად იყო მოსული?
წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ უფალს სურდა ეჩვენებინა: მისი მეუფება ძალადობით არ ვრცელდება. ის, ვინც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდა, ქრისტესგანვე მიიღო წყალობა და განკურნება.
წმინდა კირილე ალექსანდრიელი წერს, რომ ამ სასწაულით ქრისტემ მოციქულებს აუკრძალა ძალადობით მისი დაცვა და გვასწავლა, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ.
ნეტარი ავგუსტინე კი აღნიშნავს, რომ ქრისტემ განკურნა მტრის ყური, რათა ეჩვენებინა: ეკლესიის საქმე ადამიანთა დაჭრა კი არა, მათი სულიერი სმენის განკურნებაა.
რამდენად სიმბოლურია ეს!
პეტრემ მახვილით ყური მოაჭრა.
ქრისტემ სიყვარულით ყური გაუმრთელა.
პეტრეს ეგონა, რომ ქრისტეს იცავდა,
ქრისტემ კი გვიჩვენა, რომ ქრისტეს დაცვა ადამიანის დაზიანებით კი არა, მისი განკურნებით ხდება.
ხოლო როდესაც მოციქულებს ცეცხლის გარდამოსვლა სურდათ მათზე, ვინაც ქრისტე არ მიიღო, უფალმა შეაჩერა ისინი:
„ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად.“
(ლუკა 9,52–56)
პირველი ქრისტიანები ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობდნენ.
ისინი პასუხობდნენ სიყვარულით, სიმდაბლით, მიტევებითა და ლოცვით.
ტერტულიანე წერდა:
„მოწამეთა სისხლი ქრისტიანთა თესლია.“
რაც უფრო მეტად დევნიდნენ ეკლესიას, მით უფრო მეტად იზრდებოდა იგი.
სამასი წლის განმავლობაში ვერც იმპერატორებმა, ვერც ლეგიონებმა, ვერც წამებამ, ვერც სიკვდილმა ვერ დაამარცხა ქრისტიანობა.
და ბოლოს მოხდა უდიდესი სასწაული:
მდევნელმა რომის იმპერიამ თავად აღიარა ქრისტე.
313 წელს წმინდა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, ხოლო 380 წელს ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა.
ქრისტიანობამ გაიმარჯვა არა მახვილით, არამედ ჯვრით.
არა ძალადობით, არამედ სიყვარულით.
არა შურისძიებით, არამედ მიტევებით.
ამიტომ უფალი გვაფრთხილებს:
„ნუ შეურაცხჰყოფთ ერთს ამ მცირეთაგანს, რადგან მათი ანგელოზები მარადის ხედავენ ზეცაში ჩემი ზეციერი მამის სახეს.“
(მათე 18,10)
ჩვენ მხოლოდ ადამიანის აწმყოს ვხედავთ.
ღმერთი კი მის მომავალსაც ხედავს.
ჩვენ შეიძლება დღეს მხოლოდ სავლეს ვხედავდეთ…
ღმერთი კი უკვე პავლეს ხედავს.
ვინ იცის, ვის ვამცირებთ დღეს? ვის უკეტავთ სინანულის კარს? ვისზე ვამბობთ: „ამისგან არაფერი გამოვა“?
თუ ის ადამიანი, რომელსაც დღეს ვდევნით, ხვალ ღვთის წმინდანი აღმოჩნდება, რას ვუპასუხებთ ქრისტეს?
წმინდა ისააკ ასური წერს:
„ნუ ეცდები ცოდვილის დასჯას; იტირე მისთვის, რათა ღმერთმა ორივე შეგიწყალოთ.“
ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის:
„არაფერია სიყვარულზე ძლიერი; იგი მტრებსაც მეგობრებად აქცევს.“
ქრისტიანობა უნდა დავიცვათ.
მაგრამ ქრისტეს გზით.
სიწმინდეს ყველაზე მეტად სიწმინდე იცავს.
ჭეშმარიტებას, სიმართლე.
ქრისტეს კი ისინი იცავენ, ვინც თვითონ ჰგვანან ქრისტეს ცხოვრებით.
„ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.“
(რომაელთა 12,21)
რადგან ქრისტიანობა არ გადარჩენილა იმით, რომ ქრისტიანები სხვებზე ძლიერები იყვნენ; ქრისტიანობა გადარჩა იმიტომ, რომ ქრისტე სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა.
ამიტომ, თუ დღეს ქრისტიანობის დაცვა გვინდა, იგი იმავე გზით უნდა დავიცვათ, რომლითაც ქრისტემ, მოციქულებმა, მოწამეებმა და წმინდა მამებმა დაიცვეს: ჭეშმარიტებით, სიყვარულით, სიმდაბლითა და წმინდა ცხოვრებით.
ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს ქრისტეს, მისი წმინდა ეკლესიისა და სიწმიდის დაცვა არა ვნებებიდან აღმოცენებული ამპარტავნების სულით, არამედ ქრისტიანული სიყვარულით, სიმდაბლით, ჭეშმარიტებითა და წმინდა ცხოვრებით. ამინ!”