ცოტნე ანანიძისგან ვითხოვთ ბოდიშის მოხდას და კომიკურად არაკომპეტენტური განცხადების უკან წაღებას - „თავისუფლების მოედანი“
ცოტნე ანანიძის გამოხმაურება აზა გაბუნიას სიტყვებზე ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა მათთვის პირად კომფორტზე გადის, - ნათქვამია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ცოტნე ანანიძისგან ვითხოვთ ბოდიშის მოხდას და კომიკურად არაკომპეტენტური განცხადების უკან წაღებას. თუმცა, ასევე კარგად გვესმის, რომ ადამიანს, რომელმაც მანქანა გაიგონა და სამშობლო მოესმა, პასუხისმგებლობის გრძნობა არ შეაწუხებს. პატიოსნება და საკუთარი შეცდომის აღიარება კი „ქართულ ოცნებას“ სამუშაო აღწერილობაში არ უწერია.
ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედანს“ უმაღლესი საბჭოს და, შედეგად, აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნაში ადანაშაულებს. სინამდვილეში, მსგავსი არასოდეს მომხდარა. მეტიც, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თვითმმართველობას მთელ ქვეყანაში, ისეთ თვითმმართველობას, როდესაც ბათუმისა თუ აჭარის მომავალი ოლიგარქის სასახლეში კი არა, აჭარის საუკეთესო ინტერესებით, ხალხთან ანგარიშვალდებული, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიერ გადაწყდება.
მართალია, ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე კომპეტენციისა და პროფესიული გამოცდილების გამო არ მომხვდარა, მაგრამ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა როგორღაც უნდა მოეხერხებინა. თავის მცდარ და სამარცხვინო განცხადებაში ის, სავარაუდოდ, ეყრდნობოდა „ბათუმელების“ სტატიას, რომელშიც ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრი აზა გაბუნია ძვირადღირებული ავტომანქანების შესყიდვის ტენდერებზე მიუთითებდა. სამწუხაროა, თუმცა „ოცნებისთვის“ სახასიათოა, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის კრიტიკა და ახალი ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებული ტენდერის გაუქმების მოთხოვნა უმაღლესი საბჭოსა და ავტონომიის გაუქმების მოთხოვნად მიიღო. ეს კარგად აჩვენებს „ოცნების“ ზრახვებს, სურვილებს და რეალურ სახეს: ქვეყნის ბედუკუღმართობით თანამდებობაზე მომსხდარი ჩინოვნიკებისთვის უმაღლეს საბჭოში საქმიანობა ძვირადღირებული მანქანებისა და ფუფუნების საგნების გარეშე წარმოუდგენელია.
ასევე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის თანამშრომლებიც ყველას და არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერების გადასახადებით ფინანსდებიან, პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოვუწოდებთ.
ჩვენ ვაგრძელებთ შრომას უკეთესი საქართველოს გულისთვის. თვალი გვადევნეთ, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლებიდან შეგეხმიანებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.