მსოფლიო
    2026-08-04 | 10:05

    მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

    მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

    მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, თავდასხმის ძირითადი შედეგები ჩეხოვის მუნიციპალურ ოლქში დაფიქსირდა.

    ვორობიოვის თქმით, სოფელ ნოვოსელკის სამრეწველო ზონაში დრონის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ყველაზე მასშტაბური ხანძარი საწყობის ტერიტორიაზე იყო, თუმცა ღია ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

    დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ასევე დაზიანებულია ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და სხვა საგანგებო სამსახურები.

    გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი სოფელ სოლნიშკოვოში. გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ვორობიოვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედროები აგრძელებენ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებას. მისი თქმით, დრონები მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის, კლინის, ჩეხოვისა და სერებრიანო-პრუდსკის რაიონების თავზე ფიქსირდება.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არაერთხელ აცხადებდნენ, რომ უკრაინული თავდასხმების საპასუხოდ რუსული ძალები იერიშებს ახორციელებენ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, სამხედრო მართვის პუნქტებსა და იმ საწარმოებზე, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით, კიევს ნატოს სპეციალისტებთან თანამშრომლობით სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. ასევე, უწყების ცნობით, ამ ოპერაციებში გამოიყენება შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღი და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები.