აშშ-ის კალიფორნიის შტატში, დონალდ ტრამპის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, რანჩო-პალოს-ვერდესში მდებარე დონალდ ტრამპის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე, პრეზიდენტის საქველმოქმედო საღამოს გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ინფორმაციით, 38 წლის ჟანინ ჯონ ტაელე ფედერალურმა აგენტებმა შენიშნეს, როდესაც უსაფრთხოების ღონისძიებების ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და, სავარაუდოდ, უსაფრთხოების დაგეგმვის პროცესს აკვირდებოდა.
სამართალდამცველებმა ის გოლფ-კლუბის ავტოსადგომზე დააკავეს. ჩხრეკისას მამაკაცს ჯიბეში 16-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩნდა, ხოლო მისი ავტომობილის დათვალიერებისას – დატენილი პისტოლეტი და კიდევ ერთი დატენილი მჭიდი.
ორშაბათს შერიფის დეტექტივებმა და FBI-ის აგენტებმა სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ დაუნიში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს. მათი ინფორმაციით, ამოიღეს დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ჯავშანჟილეტი, რამდენიმე ბლოკნოტი „შემაშფოთებელი ჩანაწერებით“ და ორი რადიოსიგნალის მოწყობილობა.
შერიფის დეპარტამენტის განცხადებით, საქმე უკვე გადაეცა ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურას. ამ ეტაპზე, გამომძიებლებს საზოგადოებისთვის სარწმუნო მიმდინარე საფრთხე არ დაუდგენიათ. ასევე უცნობია, გაძლიერდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ტრამპის დაგეგმილი ღონისძიების დროს.
დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის (RNC) საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც მის კუთვნილ Trump National Golf Club-ში იმართება.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ღონისძიებაზე კალიფორნიის მოსახლეობისთვის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს და საკუთარ პოლიტიკას კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის, დემოკრატიული ადმინისტრაციის პოლიტიკას შეადარებს.
თავის მხრივ, გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ვიზიტი გააკრიტიკა. მისი პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი ლოს-ანჯელესში თანხების მოსაზიდად ჩავიდა, მაშინ როდესაც ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებული ოჯახები კვლავ ელოდებიან ფედერალურ დახმარებას, რომელიც, მათი თქმით, ტრამპმა 18 თვის წინ დაჰპირდა.
ნიუსომმა ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, ტრამპის ვიზიტი საბოლოოდ დააჩქარებს ფედერალური აღდგენითი დაფინანსების გამოყოფას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შემდეგ სახლების აღდგენას ცდილობენ.