დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს კრემლის სამხედრო მანქანის, ნავთობისა და გაზის შემოსავლებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, ახალი სანქციები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედ მილიბანდმა წარადგინა. სანქციების პაკეტი მოიცავს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც, ლონდონის შეფასებით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობენ ხელს.
სანქციები სულ 19 სუბიექტს შეეხო, მათ შორის:
ექვს რუსულ ბანკს, რომლებიც, ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მხარდაჭერაში მონაწილეობენ;
ექვს ტანკერს, რომლებიც ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნებიან და დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებიან;
ოთხ რუსულ კომპანიას, რომლებიც სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის საჭირო იშვიათი ლითონების – ტანტალისა და ნიობიუმის – იმპორტს ახორციელებენ;
ასევე, ერთ ფიზიკურ პირსა და რამდენიმე კომპანიას.
ედ მილიბანდის განცხადებით, ახალი სანქციები ადასტურებს დიდი ბრიტანეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
„დღევანდელი სანქციები ნათლად აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და ზეწოლას მათზე, ვინც კრემლის აგრესიას უწყობს ხელს. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. ისინი, ვინც უკრაინის თავისუფლებასა და დემოკრატიას ემუქრებიან, საფრთხეს უქმნიან თავად დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებასაც. ამიტომ რუსეთზე ზეწოლას გავაგრძელებთ, ვიდრე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ დამყარდება“, – განაცხადა მილიბანდმა.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლეს, რის შემდეგაც გამოცხადდა უკრაინისთვის თანამედროვე უპილოტო სისტემების მხარდაჭერის ახალი პაკეტი.
თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ლონდონი გააგრძელებს რუსეთისთვის ფინანსური რესურსების შეზღუდვას და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოქმედებას.
„უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ჩვენი ერთგულება აბსოლუტურია. სწორედ ამიტომ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა შევზღუდოთ პუტინის უკანონო ომის დაფინანსების წყაროები და დავარტყათ მის ჩრდილოვან ფლოტს. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური სტაბილურობის დასაცავად“, – აღნიშნა ჰილიმ.
ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 500-ზე მეტ ფიზიკურ პირს, კომპანიასა და გემს დაუწესდა. საერთო ჯამში კი, რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა რაოდენობა უკვე 3 400-ს აჭარბებს.