ყველა ადამიანს, ვინც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს საზოგადოებამ მათ ჰკითხოს, რა პასუხი აქვთ ადამიანების წინაშე - ლევან მახაშვილი
ყველა ადამიანს, ვინც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს საზოგადოებამ მათ ჰკითხოს, რა პასუხი აქვთ ადამიანების წინაშე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა და ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგია შესაძლოა გათიშულიყო.
„მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი [ვინც ლიფტში გაიჭედა]... ასე რომ, რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები ამ თემებთან დაკავშირებით ზოგადად.
ისიც მესმის, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და იმის დაანონსება, რომ პირობითად 20:00 საათიდან 22:00 საათამდე მთელი ქვეყანა იქნებოდა გათიშული, ეს რა რისკებთან არის დაკავშირებული, ალბათ, ხვდებით, დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ.
ავტოსაგზაო შემთხვევები ელექტროენერგიის დროსაც ხდება და მის გარეთაც, ეს არ არის მთავარი მიზანი.
დღეს, საქართველოს ენერგოსისტემას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ახალი, მსხვილი ობიექტები, შეიძლება არა იმ მასშტაბის, როგორიც არის „ენგურჰესი“, მაგრამ სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იყოს სტაბილურობა ჩვენს ენერგოსისტემაში.
ყველა ადამიანს, ვინც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს საზოგადოებამ მათ ჰკითხოს, რა პასუხი აქვთ ადამიანების წინაშე,“ - თქვა ლევან მახაშვილმა.