მსოფლიო
    2026-08-11 | 14:59

    სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს

    სირიის ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს

    სირიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ალ-ასადს, დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა. სასამართლომ ისინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.

    დამასკოს მეოთხე სისხლის სამართლის სასამართლოში გამოტანილი განაჩენი პირველი სასამართლო გადაწყვეტილებაა ასადის ან მისი უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ასადების ოჯახის დაახლოებით 50-წლიანი მმართველობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდა.

    „ბაშარ ასადმა სახელმწიფო უწყებები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩასადენად გამოიყენა“, – განაცხადა მოსამართლე ფახარედინ ალ-არიანმა სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

    სიკვდილით დასჯა მიესაჯა ასევე ასადის დედის მხრიდან ბიძაშვილს, ატეფ ნაჯიბს, რომელიც 2011 წელს დარაას პროვინციაში საპროტესტო გამოსვლების სასტიკ დარბევაში იყო ჩართული. სწორედ დარააში დაკავებული და ნაწამები მოზარდების საქმე გახდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი.

    ბაშარ და მაჰერ ასადები ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთს მათი გადაცემა მოსთხოვა.

    სირიაში 2011 წელს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების სასტიკი რეაქციის ფონზე ხანგრძლივ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. კონფლიქტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა და 2024 წლის დეკემბერში ასადის ხელისუფლების დამხობით დასრულდა.