მსოფლიო
    2026-08-12 | 09:58

    აშშ-ის სამხედროებმა ირანისკენ მიმავალი პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააზიანეს

    აშშ-ის სამხედროებმა ირანისკენ მიმავალი პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააზიანეს

    აშშ-ის სამხედროებმა ომანის ყურეში ირანისკენ მიმავალი, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „M/V Vela Nova“ ორი „ჰელფაიერის“ ტიპის რაკეტით დააზიანეს. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

    CENTCOM-ის ინფორმაციით, გემი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა და ამერიკული ძალების არაერთ გაფრთხილებას არ დაემორჩილა. შედეგად, აშშ-ის საზღვაო ძალების ვერტმფრენმა MH-60 გემის ძრავის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გემმა მართვის შესაძლებლობა დაკარგა.

    CENTCOM-ის განცხადებით, გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება და ბლოკადა სრულად ძალაში რჩება.

    აშშ-ის სამხედროებმა ბლოკადის აღდგენის შემდეგ 55 კომერციული გემი გადაამისამართეს, სამი დაუმორჩილებელი გემი დააზიანეს და ორი გემის ბორტზე ავიდნენ.

    ინციდენტი, სავარაუდოდ, უკავშირდება ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ომანის ყურეში კონტეინერმზიდზე სამხედრო თავდასხმის შესახებ.