ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის წინააღმდეგ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას“ იწყებს და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ირანის იზოლაციაში შეერთებულ შტატებს მხარი დაუჭირონ.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეთანხმების მისაღწევად ჩემზე მეტი შესაძლებლობა არავის მიუცია. სამწუხაროდ, მათ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის „ეკონომიკური ომი და იზოლაცია“.
„მათი საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა უსარგებლოა, ქვეყანა კი ბეწვზე ჰკიდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანს ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესების, აეროპორტების ან სახელმწიფო უწყებების მეშვეობით რაიმე სახის მხარდაჭერას გაუწევს, თავადაც „უზარმაზარი ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.
„ნავთობის კონტრაბანდა, სვოპ-ხაზები, ფულადი გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, ფიქტიური კომპანიები – ყველაფერი ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ“, – განაცხადა მან.
ტრამპმა მიმდინარე ზომებს „ეკონომიკური D-Day“ უწოდა და აშშ-ის მოკავშირეებს ირანის იზოლაციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ეს შეშლილები კუთხეში არიან მიმწყვდეული და ეს ისტორიული ზომები მათ და მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დაასუსტებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე კვლავ ხაზგასმით აღნიშნა: „ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.