მსოფლიო
    2026-08-20 | 10:25

    კიევზე მასირებული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

    კიევზე მასირებული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

    კიევზე განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

    მისი ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობა სოლომენსკის რაიონშია, სადაც რაკეტა ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შენობის ზედა სართულები ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ოთხ შენობაში ფანჯრებიც დაზიანდა.

    კლიჩკოს განცხადებით, სოლომენსკის რაიონში დაზიანდა სკოლა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობაც. სამედიცინო დაწესებულებაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, მის ტერიტორიაზე კი ავტომობილები დაიწვა.

    დარნიცკის რაიონში დაზიანდა არასაცხოვრებელი და სასაწყობე ფართები. სვიატოშინის რაიონში კი არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე შენობების დაზიანება დაფიქსირდა. კლიჩკოს ცნობით, რაიონში ასევე დაიწვა სასაწყობე ფართები.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევში იერიში განხორციელდა კომპანია „Fire Point“-ის საწარმოზე, რომელიც დამრტყმელი დრონებისა და „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის კომპონენტებს აწარმოებდა.

    რუსი სამხედროების განცხადებით, დარტყმა ასევე განხორციელდა კომპანია „ანტონოვზე“, სადაც მათი ცნობით, შორ მანძილზე მოქმედ დრონებს „ლუტი“ აწარმოებენ.