მსოფლიო
    2026-08-20 | 10:37

    უპილოტო საფრენმა აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    უპილოტო საფრენმა აპარატმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

    20 აგვისტოს, ხუთშაბათს, ღამის 02:23 საათზე, სამხედრო რადარის სისტემამ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტულჩის ოლქის ჩრდილოეთით, საჰაერო სამიზნეების ჯგუფი დააფიქსირა.

    სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, ესპანეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების ორი F-18 ტიპის გამანადგურებელი აფრინდა. ასევე, საჰაერო დაზვერვის მისიისთვის ცაში აიჭრა რუმინეთის საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT ტიპის ვერტმფრენი.

    ეროვნულმა სამხედრო სამეთაურო ცენტრმა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექტორატს დაზარალებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის გაფრთხილების ღონისძიებების გააქტიურების შესახებ აცნობა. შესაბამისი განგაშის შეტყობინება მოსახლეობას 03:20 საათზე გაეგზავნა.

    03:21 საათზე დრონი რუმინეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში, ქალაქ გალაციდან დაახლოებით 13 კილომეტრის აღმოსავლეთით, შევიდა.

    03:24 საათზე IAR-330 SOCAT-ის ეკიპაჟმა განაცხადა, რომ სამიზნე ტულჩის ოლქში, სოფელ გრინდუს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

    უპილოტო საფრენი აპარატის მიწაზე დაცემას ხანძარი მოჰყვა, თუმცა ცეცხლი თვითონ ჩაქრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მატერიალური ზიანი არ დაფიქსირებულა.

    შემთხვევის ადგილზე ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო სამძებრო ჯგუფი მიემართება.

    საჰაერო განგაში 03:52 საათზე დასრულდა.