კომენტარი
    2026-08-24 | 12:31

    როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - არჩილ გორდულაძე

    როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - არჩილ გორდულაძე

    როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინოვაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

    „უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულში, უკანონო შემოსავლის მიღებაში. მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

    ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ბრალი აქვს წარდგენილი, მისი მცდელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო. რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს ბრალი აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე. ადამიანს ასეთი დანაშაული როცა აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინოვაციებია, რომელიც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის სხვა ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა. მისი მხრიდან არის მცდელობა, სისხლის სამართლის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანოს. ასეთი ქმედებები კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასთან და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

    ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.