პოლიტიკა
    2026-08-24 | 15:14

    ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი –  ლაშა ფარულავა

    ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი –  ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ქართული არმიის ძარცვასა და ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრებათ.

    როგორც ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა,  „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“  ბიზნესის თავისუფლება აღარ არსებობს და ბიზნესისგან მიღებული არაოფიციალური გადასახადები საბოლოოდ მოქალაქეების ჯიბეზე აისახება.

    „ჩვენ წლების განმავლობაში ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბიზნესისგან ე.წ. ივანიშვილის არაოფიციალური მოსაკრებლის, „რუსი ოლიგარქის ხარკისა და რუსული რეჟიმის საფასურის“ ამოღება არა თუ არ გაუქმებულა, არამედ გაორმაგდა.

    ფარულავას განცხადებით, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მკაფიოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც რომეო მიქაუტაძემ ჩვენებაში გრიგოლ ლილუაშვილი ბიზნესიდან თანხების შეგროვებასთან დააკავშირა.

    „აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ვინ იხდიდა ამ ფულს, ვინ აგროვებდა და საბოლოოდ სად მიდიოდა ეს თანხები? ეს არის ის კორუფციული წილი, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საბოლოოდ ფასებში აისახება და ხალხს ცხოვრებას უძვირებს“, – აღნიშნა მან.

    ფარულავა ხელისუფლებისგან ამ საქმეზე სრულ გამჭვირვალობას და იმ ბიზნესმენების დასახელებას ითხოვს, რომლებზეც, მისი თქმით, მიქაუტაძე საუბრობდა.

    „თუ საუბარია კონკრეტულ პირებზე, მაგალითად, სოსო ფხაკაძეზე, ძმებ პაპაშვილებზე, აკაკი ახვლედიანზე, ჩიგოგიძეზე და სხვებზე, თითოეულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აგროვებდა და აგროვებს კორუფციულ თანხებს, ვინ იხდიდა და ვინ სარგებლობდა აღნიშნული სისტემით.

    „საქართველოში ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, კონკურენცია – სამართლიანი, ხოლო სახელმწიფო სისტემა მოქალაქისა და მეწარმის დამცველი და არა ოლიგარქიული სისტემის ფულის შემგროვებელი“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

    მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს „სრულ გამჭვირვალობას, კონკრეტულ სახელებს და კონკრეტულ პასუხისმგებლობას“.