„ქოცს“ არ გააჩნია არავითარი პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო ღირებულებითი ღერძი, არამედ ის არის, სამწუხაროდ, რუსეთთან მიერთებული, ნაცრისფერი, უსახური რეჟიმი - გრიგოლ გეგელია
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ პოზიციის შერბილება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ტაქტიკურ და სტრატეგიულ წარმატებას ვერ აღწევს.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, ხელისუფლებას თავდაპირველად ჰქონდა მოლოდინი, რომ კიევი მოკლე ვადაში დაეცემოდა, თუმცა, მისი თქმით, ეს მოლოდინი არ გამართლდა.
„ხედავს რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, განსხვავებით იმ მოლოდინისგან, რაც ჰქონდა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ კიევი ერთ კვირაში დაეცემოდა, ახლა, რა თქმა უნდა, „ქოციც“ კი ხედავს, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას.
შესაბამისად, „ქართული ოცნების“ უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინაზე შედარებით შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ. ისიც კი გაახსენდათ, რომ თურმე საქართველოში ცხოვრობენ უკრაინელი ბავშვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, თურმე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეც დგება წელიწადში ერთხელ და თურმე ანძა შეიძლება გაანათო უკრაინის დროშის ფერებში, ნაცვლად იმისა, რომ ლანძღო უკრაინა, თავს დაესხა მას, უწოდო „ომის პარტია“ და დაადანაშაულო იმ ომის დაწყებაში, რომელიც რუსეთმა დაიწყო.
ეს არის კიდევ ერთი დასტური და ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ „ქოცს“ არ გააჩნია არავითარი პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო ღირებულებითი ღერძი, არამედ ის არის, სამწუხაროდ, რუსეთთან მიერთებული, ნაცრისფერი, უსახური რეჟიმი, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა გეგელიამ.