ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ბიძინა ივანიშვილი ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში გვიყვებოდა, როდესაც უმრავლესობის სხდომაზე ვისხედით ხოლმე — ყვებოდა, როგორ გააგდო ეს ადამიანი კორუფციის გამო - ლევან გოგიჩაიშვილი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საინტერესოა, რა დარჩა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი და რაში უნდა ამხილოს მან ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და არსებული სისტემა.
„ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ბიძინა ივანიშვილი ჩვენ მე-9 მოწვევის პარლამენტში გვიყვებოდა, როდესაც უმრავლესობის სხდომაზე ვისხედით ხოლმე — ყვებოდა, როგორ გააგდო ეს ადამიანი კორუფციის გამო, მაგრამ შემდეგ მანვე დააბრუნა“, — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის მიმართ კახა კალაძის მიერ კორუფციასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთება „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“.
„ღარიბაშვილის ცხოვრების მთავარი ტრაგედია არის ის, რომ მასზე, როგორც კორუმპირებულზე, საუბრობს კალაძე. როდესაც ყველაზე კორუმპირებული ადამიანი — კალაძე შენზე საუბრობს აგდებულად, დამცინავად, რომ შენ ხარ კორუმპირებული, ყველაფრის ღირსი ხარ, რომ აქამდე მიგყავს საქმე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, — აღნიშნა მან.
გოგიჩაიშვილი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.
მისი შეფასებით, აღნიშნული „არაადამიანური და არაკაცური საქციელია“ და „ნაცურ მეთოდიკას“ წარმოადგენს.
„ნაცური მეთოდებით არის გაზრდილი მდინარაძე, მისი გუნდი, ვისაც ეს ყველაფერი დაევალა. წლების განმავლობაში მდინარაძე იყო „კუდის“ ადვოკატი, ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმს, 1-ელ ოქტომბერსაც „ნაცებს“ მისცა ხმა. შესაბამისად, მათ იციან ეს სისტემა“, — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა იქნება, ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბევრ კითხვას შეიძლება პასუხი გაეცეს.
„დრო გვაჩვენებს, რას იტყვის ღარიბაშვილი დამატებით. რა თქმა უნდა, მან უნდა ისაუბროს, თავისი თავიც უნდა დაიცვას, ოჯახიც და საზოგადოების ინფორმირებაც უნდა მოახდინოს“, — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს.