საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს, შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი - ირმა ინაშვილი
სხვადასხვა მოსაზრებებს ვისმენდი ბოლო დღეების მანძილზე და მე ყველა კუთხით გავაანალიზე არსებული ვითარება. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას,- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი.
“მრავალჯერ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი მსხვერპლია! მსხვერპლია კობახიძის ცრუ დაბეზღებების, მსხვერპლია კობახიძის ცილისწამებების, მსხვერპლია კობახიძის ცრუ ჩურჩულის, მე ცალსახად მჯერა, რომ სწორედ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილის სრულ განადგურებას და სწორედ ამ ჯგუფმა შეუგზავნა ღარიბაშვილს ციხეში წერილი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ბურჭულაძეც და მხეიძეც მძიმე წნეხში მოაქციეს, მათ ამ წნეხს ვერ გაუძლეს და იძულებით მისცეს ცრუ ჩვენება, აკი პრემიერმა კობახიძემ გვითხრა: რაც მოხდება, ღარიბაშვილისთვის ცუდი იქნებაო.
სხვადასხვა მოსაზრებებს ვისმენდი ბოლო დღეების მანძილზე და მე ყველა კუთხით გავაანალიზე არსებული ვითარება. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს ვურჩევ პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ის კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური პატიმარია და გამოსავალიც მხოლოდ ერთია- გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!
ჩვენი პარტიის- პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ 50-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული, ზოგი ძალიან პატარაა, ზოგი-დიდი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა. საჯაროდ ვთავაზობ ღარიბაშვილს,- შემოგვიერთდეს და დავიწყოთ ახალი პოლიტიკური პროცესი.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩემს უკან არასდროს არ მდგარა ღარიბაშვილი და რომ მე ყოველთვის საჯაროდ ვმოქმედებ და აი, ახლაც საჯაროდ ვაცხადებ, რომ მხოლოდ სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო! მე არ ვიცი, ღარიბაშვილს მოეწონება თუ არა ეს აზრი ან გაიზიარებს თუ არა ამ აზრს, სხვათა შორის, ამ განცხადებით წინასწარ ვუჭრი გზას კობახიძე-მდინარაძეების ცრუ ბრალდებებს, ცილისწამებებსა და ხაფანგებს”,- აცხადებს ირმა ინაშვილი.