პოლიტიკა
    2026-09-01 | 13:17

    ხელისუფლებამ განათლება ღარიბი მოსახლეობისთვის სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადა - ტატა ხვედელიანი

    ხელისუფლებამ განათლება ღარიბი მოსახლეობისთვის სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადა - ტატა ხვედელიანი

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ განათლების რეფორმა ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე განახორციელა.

    მისი თქმით, სექტემბერში განათლება და ბავშვების მომავალი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს, თუმცა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მასწავლებლების, პროფესორების, სტუდენტების, მშობლებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებები არ გაითვალისწინა.

    „განათლება არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას - ის ეხება ჩვენს შვილებს, მათ მომავალს. ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ და რომლებსაც ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები არ უნდა ყოფდეთ“, - განაცხადა ხვედელიანმა.

    მისი შეფასებით, ხელისუფლებამ განათლება ღარიბი მოსახლეობისთვის სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადა, ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ე.წ. რეფორმა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს.

    „დავიწყოთ სკოლით. სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთ და ამ დროს არაფრად მიიჩნევთ ბავშვთა სიღარიბეს, ანტისანიტარიას საპირფარეშოებში. ქვეყანაში ისევ არსებობს სკოლები, სადაც ბავშვები დღემდე შეშის ღუმელით თბებიან“, - აღნიშნა დეპუტატმა.

    ხვედელიანი ასევე შეეხო სასკოლო ფორმების საკითხს და განაცხადა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურისა და უფასო სასკოლო კვების პრობლემების ფონზე, ხელისუფლებამ სოციალური თანასწორობის სიმბოლოდ სასკოლო ფორმა გამოაცხადა და მის შესყიდვაზე 45 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

    მისი თქმით, შეძლებული ოჯახები შვილებს ხარისხიანი ფორმით თავად უზრუნველყოფენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამინისტროს მიერ შეძენილი, მისი შეფასებით, დაბალი ხარისხის ფორმის გამოყენება უწევთ.

    დეპუტატის განცხადებით, განათლების მინისტრი სასკოლო ფორმის არჩაცმის შემთხვევაში მშობლების დასჯის მექანიზმებზე ფიქრობს.

    „„ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლებისა და ბაღების ასაშენებელი ფული შეჭამა, ბაღის ბავშვების საკვების ფული გაფლანგა, ახლა კი კიდევ ითხოვთ ასაწყობი სკოლებისთვის 22 მილიონ ლარზე მეტს ხალხის ბიუჯეტიდან“, - განაცხადა ხვედელიანმა.

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსაც შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ უნივერსიტეტებში ადგილების შემცირებამ ყველაზე მეტად დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები დააზარალა.

    „თქვენ მათ აიძულებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერმოხვედრის შემთხვევაში, კერძო უნივერსიტეტში ან პროფესიულ სასწავლებელში წავიდნენ. თუმცა სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს და ღამეებს ათევს, რათა ბინის ქირის, ტრანსპორტის, კომუნალურისა და საკვების ხარჯები დაფაროს, კერძო უნივერსიტეტის სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის“, - აღნიშნა მან.

    მისივე თქმით, რეგიონებში სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების ნაკლებობის პირობებში, ახალგაზრდებს სხვა ქალაქებში უწევთ გადასვლა, მაშინ როდესაც ხელისუფლების დაპირებები საერთო საცხოვრებლებისა და ხარისხიანი განათლების შესახებ არ სრულდება.

    „სოციალური თანასწორობა იცით, რა არის? სოციალური თანასწორობაა, როდესაც არც ერთი ბავშვი არ ზის სკოლაში მშიერი. როდესაც სოფელში მცხოვრებ ბავშვს ისეთივე ხარისხიან განათლებაზე მიუწვდება ხელი, როგორიც თბილისში მცხოვრებს. როდესაც სტუდენტს არჩევანის გაკეთება არ უწევს ლექციასა და სამსახურს შორის“, - განაცხადა ხვედელიანმა.

    მისი შეფასებით, სოციალური თანასწორობა ასევე გულისხმობს მასწავლებლების ღირსეულ ანაზღაურებასა და პენსიას.

    „დღეს „ოცნება“ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

    მსგავსი სტატიები