პოლიტიკა
    2026-09-01 | 15:28

    თუ ხელისუფლებას საგადასახადო რეფორმა რეალურად სურს და ის მხოლოდ საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად არ არის დაანონსებული, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას - თაზო დათუნაშვილი

    თუ ხელისუფლებას საგადასახადო რეფორმა რეალურად სურს და ის მხოლოდ საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად არ არის დაანონსებული, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას - თაზო დათუნაშვილი

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი საგადასახადო რეფორმის დაანონსებას გამოეხმაურა და ხელისუფლებას კონკრეტული ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

    მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმის შესახებ განაცხადა, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.

    „თუ მათ რეალურად სურთ, რომ საზოგადოების ინტერესებს მოემსახურონ და საქართველოს მოქალაქეებისა და მცირე მეწარმეების ჯიბემ ყოველთვიურად შვება იგრძნოს, საჭიროა კონკრეტული რეფორმები, რომლებზეც „ძლიერი საქართველო - ლელო“ საუბრობს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისი თქმით, ხელისუფლებამ, პირველ ეტაპზე, სამი კონკრეტული ცვლილება უნდა განახორციელოს: ქონების გადასახადის წლიური ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზარდოს, დღგ-ს გადახდის ზღვარი 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე აიწიოს, ხოლო საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 900 ლარამდე გაიზარდოს.

    დათუნაშვილის განმარტებით, ქონების გადასახადის 40-ათასლარიანი ზღვარი 2005 წელს დაწესდა და მას შემდეგ ეკონომიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

    „ამ 20 წელიწადში 300%-ით ინფლაცია გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ეს 40 000-ლარიანი ზღვარი ფუნდამენტურად გადაიხედოს, რადგან ეს თანხა რაიმე განსაკუთრებულად სიმდიდრედ ამ ქვეყანაში აღარ ითვლება“, - აღნიშნა მან.

    რაც შეეხება საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარს, დათუნაშვილის თქმით, 300-ლარიანი ზღვარი 2009 წელს დაწესდა, როდესაც დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 1.66 ლარი იყო, დღეს კი 2.62 ლარს შეადგენს.

    „2009 წლის შემდეგ ლარიც მკვეთრად გაუფასურდა და რეალობაც შეიცვალა. მოხდა ციფრული რევოლუცია და ადამიანები ინტერნეტპლატფორმებიდან მეტს იწერენ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც დიდ შვებას ნახავენ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გადაულახავ ფინანსურ პრობლემას არ შექმნის. დათუნაშვილის თქმით, 300-დან 900 ლარამდე საფოსტო გზავნილებზე არსებული იმპორტის გადასახადისა და დღგ-ს გაუქმებით ბიუჯეტის დანაკლისი დაახლოებით 14 მილიონი ლარი იქნება, ხოლო დღგ-ს გადახდის ზღვრის 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაზრდა დაახლოებით 336 მილიონი ლარის დანაკლისს გამოიწვევს.

    „ეს დანაკლისი ძალიან მარტივად შეიძლება დაბალანსდეს, მაგალითად, თუ დავუჯერებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ 700 მილიონი ლარის წლიური დანაზოგი გააკეთა. ეს დანაზოგი როგორც დღგ-ს ზღვრის აწევას მოემსახურება, ისე ჰყოფნის ინტერნეტპლატფორმებზე ნაყიდი პროდუქციის განბაჟებას. ამიტომ ეს არგუმენტი არ არსებობს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას რეფორმის განხორციელება რეალურად სურს და ის მხოლოდ „საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად“ არ არის დაანონსებული, სამი კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას:

    1.ქონების გადასახადის 40 ათასი ლარის ზღვრის 100 ათას ლარამდე გაზრდა;

    2.დღგ-ს გადახდის ზღვრის 100 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაზრდა;

    3.საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვრის 300-დან 900 ლარამდე გაზრდა.

    „ყოველთვიურად ძალიან დიდი შვებას ნახავენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ გამო ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში, ყოველთვიურ ფასების ზრდაში და არნახულ, კოლოსალურ კორუფციაში, რომელშიც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანას აცხოვრებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.