აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
მანამდე, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.
გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოვებული.
რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მან უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან გივი გუდაძეს - ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საბა ბოჭორიშვილს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა. აღნიშნული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.