ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, პრეტენზია ჰქონდა პაემნის გაუქმებაზე - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და განაცხადა, რომ ღარიბაშვილის მიერ წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემნის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიის საკითხზე როგორც თავად პატიმრის, ისე ციხის ადმინისტრაციის პოზიცია მოისმინა.
იოსელიანის თქმით, მან ღარიბაშვილი მის საცხოვრებელ საკანში მოინახულა და გაეცნო მისი საპატიმროში ყოფნის პირობებს, მათ შორის ჯანმრთელობისა და კვების საკითხებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ა.შ. ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასთან შეთანხმებული იყო მესამე, გრძელვადიანი წამახალისებელი პაემანი, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.
„ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთი დაპირება, თუმცა, ის შემდეგ შეიცვალა“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
იოსელიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ციხის ადმინისტრაციის პოზიციაც მოისმინა. მისი თქმით, ადმინისტრაციის განმარტებით, პაემნის იმ პერიოდში ჩანიშვნა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და იმ სივრცეებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა, სადაც შეხვედრები იმართება.
სახალხო დამცველის თქმით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს და მომავალშიც გაგრძელდება მის მიმართ იგივე წამახალისებელი პოლიტიკა, რაც აქამდე არსებობდა და რომელიც სხვა პატიმრებზეც ვრცელდება.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რამე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონი ირაკლის მიმართ გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა, არ გააჩნია“, – განაცხადა იოსელიანმა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებს, სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.
„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები“, – განაცხადა იოსელიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება შესაბამისი საგამოძიებო უწყებების ვალდებულებაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება გონივრულ ვადაში არ მიმდინარეობს, აღნიშნული საკითხით შესაძლოა სახალხო დამცველი დაინტერესდეს.
იოსელიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებთან ან პენიტენციური ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
„რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი, რის შესახებაც მოგახსენეთ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.