საზოგადოება
    2026-09-04 | 14:50

    წინანდალი ტრადიციულ ფესტივალს მასპინძლობს

    წინანდალი ტრადიციულ ფესტივალს მასპინძლობს

    წინანდლის ფესტივალი დაიწყო, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელმა ფესტივალმა, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოუმზადა ორი შესანიშნავი კონცერტი იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით.

    „იტალიის საელჩო თბილისში აქტიურად  უჭერს მხარს იტალიური კულტურისა  და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციას და, უკვე მრავალი წელია, მჭიდროდ  თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფესტივალებსა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებთან, მათ შორის, წინანდლის ფესტივალთან. ამ პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების წარმატებაში თავისი წვლილი ბრწყინვალე იტალიელმა დირიჟორმა, ჯანანდრეა ნოზედამაც შეიტანა, რომელიც წინანდლის პირველი ფესტივალიდან დღემდე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის დაწყებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს.

    ფესტივალის გახსნით კონცერტზე, სადირიჟორო პულტთან იდგა ცნობილი იტალიელი დირიჟორი, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. მისი დირიჟორობით პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, სოლისტთან, ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად და შიმანოვსკისა და რიმსკი-კორსაკოვის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

    მსმენელს კიდევ ერთი შეხვედრა ელის იტალიელ მაესტროსთან, რომელიც 6 სექტემბრის კონცერტზე პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს უდირიჟორებს, სოლისტი კი ცნობილი მევიოლინე პინკას ცუკერმანი იქნება. კონცერტზე ბეთჰოვენისა და მუსორგსკის მუსიკა აჟღერდება.