მსოფლიო
    2026-09-07 | 10:20

    ირანის რეჟიმის დასასრული ახლოსაა, ისრაელი მის დასამხობად „მისიის დასრულებას“ აპირებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ირანის რეჟიმის დასასრული ახლოსაა, ისრაელი მის დასამხობად „მისიის დასრულებას“ აპირებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ირანის მოქმედი რეჟიმის დასამხობად „მისიის დასრულებას“ მტკიცედ აპირებს და მიიჩნევს, რომ „მისი დასასრული ახლოსაა“.

    ნეთანიაჰუს ოფისმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის ფარგლებში, ებრაული ახალი წლის — როშ ჰაშანას — წინ გამართული ღონისძიებიდან პრემიერ-მინისტრის ებრაულენოვანი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

    ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ირანი „არასწორ გათვლას“ დაუშვებს და ისრაელზე თავდასხმას გადაწყვეტს, „ისეთ დარტყმას მიიღებს, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლია“.

    „რეჟიმი სუსტია, ის საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძვის და ძალას კარგავს“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

    მისი განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც არსებობს შეშფოთება, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე ებრაული დღესასწაულების პერიოდში განახორციელოს თავდასხმა. დღესასწაულების სეზონი მომდევნო კვირაში როშ ჰაშანათი იწყება.

    ნეთანიაჰუმ მსგავსი განცხადება ხუთშაბათსაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანის მოქმედი რეჟიმის დამხობა ისრაელის „ცენტრალურ მისიას“ წარმოადგენს. ამასთან, მან განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ირანის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებას შეუწყო ხელი.