პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილებზე: სამართლებრივ პროცესს სამართლებრივი პასუხები სჭირდება და არა პოლიტიკური ინსინუაციები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გავრცელებულ წერილებს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხება და დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრობს.
პაპუაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმისა და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირების მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგონ, რადგან ეს, მისი შეფასებით, მთავარ საკითხზე ყურადღების გადატანის ტაქტიკაა.
„ბრალი არის წარდგენილი და ეს არის სამართლებრივი პროცესი. სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ჩვენებები და აღიარებები, რასაც სამართლებრივი პასუხები სჭირდება და არა პოლიტიკური ინსინუაციები.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილი ადამიანის განცხადებების გამოყენებას პოლიტიკურ კონტექსტში და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, გარდაცვლილის სიტყვებით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია „მორალურ ზღვარს მიღმაა“.
„გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა. აქ არის ადამიანურ სტანდარტებზე საუბარი ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხვდება და ყველამ იცის, რომ ეს არის ბოდვა, მაგრამ ამ ბოდვის ტირაჟირებას ახდენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი,“-– განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მართლმსაჯულება სამართლებრივ პროცესს „მშვიდად მიჰყვება“ და არ აძლევს შესაძლებლობას, რომ საკითხი პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდოს.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ განმარტავს, რატომ იყო პერსონალურად მოხსენიებული ღარიბაშვილის წერილში და დასძინა, რომ პოლიტიკური ინსინუაციებით სასამართლოში მიმდინარე პროცესებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა, მისი შეფასებით, შედეგს ვერ გამოიღებს.
„ის ბრალი, რაც მას [ირაკლი ღარიბაშვილს] აღიარებული აქვს უკვე და ის, რაც მას წაყენებული აქვს, საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი ადამიანის საქმეებია და ყველამ საკუთარი მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს.